06 დეკემბერი 2019,   09:15
ვრცლად
ბექა კვიციანი ნოდარ ცხადაძის მკვლელობაში შესაძლოა მთავარი ეჭვმიტანილი იყოს - ემზარ კვიციანის ძმისშვილს ისევ უშედეგოდ ეძებენ 

ისევ უშედეგოდ ეძებენ ემზარ კვიციანის ძმისშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა გაუჩინარებულია, ხოლო ვისთან ერთადაც ის ბოლოს ნახეს, მოკლული.

ნოდარ ცხადაძეს, რომლის ცხედარიც თბილისის ზღვაზე იპოვეს, 14 ტყვია აქვს მოხვედრილი. მისი მეგობრის და ბავშვის ნათლიის ბექა კვიციანის მიმართ ეჭვები ყოველდღე ძლიერდება. თუ ის ცოცხალია, მაშინ იმალება.

36 წლის მამაკაცის მკვლეობის დეტალებზე, ისნის ავტონაწილების ბაზრობაზე დღეს არ საუბრობენ. იციან მხოლოდ ის, რომ ნოდარ ცხადაძეს ნაცნობმა მიაკითხა, მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა.

მას შემდეგ მოკლულის კვალი იკარგება. ცხადაძის სამუშაო ოთახს უკვე მეოთხე დღეა ბოქლომი ადევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლოს ვინც მოკლული ნახა, მისი დიდი ხნის მეგობარი ბექა კვიციანია. დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილმა, ერთ-ერთი ვერსიით ცხადაძეს, სამსახურში მანქანით მიაკითხა და ავტომობილით წაიყვანა.

ორდღიანი ძებნის შემდეგ ნოდარ ცხადაძის ცხედარს, 14 ცეცხნასროლი ჭრილობით, სამართალდამცველებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაკვლიეს. პოლიცია კვიციანს ამ დრომდე მთავარ მოწმედ ეძებს, თუმცა არაა გამორიცხული მთავარი ეჭვმიტანილიც ის იყოს. 

ბექა კვიციანი რამდენჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე, 2008-ში სამართალდამცველებმა ხულიგნობისთვის დააკავეს, 2014 წელს კი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ბექა კვიციანის გვარი 2017 წელს მომხდარ, გახმაურებულ საქმეშიც ფიგურირებდა. სავარაუდოდ სწორედ ბექა კვიციანმა მიაყენა თავში ბლაგვი საგნით დაზიანება იუმორისტ დავით როსტომაშვილს.

"კურიერის" ინფორმაციით, ბექა კვიციანმა ქვეყნის ტერიტორია უკვე დატოვა, თუმცა ამას მისი ოჯახის წევრები არ ადასტურებენ. დეპუტატის მტკიცებით, მისი ძმისშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

რატომ სახელდება ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად ბექა კვიციანი, ამაზე დეტალურად საუბარი არ სურთ მოკლულის ოჯახის წევრებს. მათთვის უცნობია მოტივიც. 

როგორც ნოდარ ცხადაძის ახლობლები ამბობენ, მიუხედავად იმისა რომ კვიციანს და ცხადაძეს დიდი ხნის მეგობრობა და ნათელმირონობა აკავშირებდათ, ბოლო რამდენიმე წელია ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდათ, მათ შორის არც ბიზნესთან დაკავშირებული.

შანაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და განძრახ მკვლელობის მუხლიტ დაიწყო. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის დასაკავებლად. დაკითხულები არიან მოწმეები, ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, რომლებშიც მოკლულის გადაადგილება ჩანს.

დღის ამბები