06 დეკემბერი 2019,   10:11
ვრცლად
მაჟორიტარების ამბოხი - პოლიტიკური სპექტაკლი თუ განხეთქილება "ქართულ ოცნებაში"

2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ თემაზე შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა 14 ნოემბრამდე გადაიდო. მაჟორიტარი დეპუტატების "ამბოხის" შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე საუბრობს, ნაწილი კი თვლის, რომ ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლის ნაწილია. 

უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობის გამო კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წუთს გადადო. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებობს კანონპროექტის ჩავარდნის რისკი და ოპოზიციასთან შეთანხმებით ვადა ხვალამდე აიღო. აღმოჩნდა, რომ "ქართულ ოცნებაში" საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეები ვერ დათვალეს და რამდენიმეს ნაცვლად ასეთი 30-მდე დეპუტატი აღმოჩნდა.

თუ აქამდე ვერ მოახერხეს, როგორ აპირებენ ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაში თანაგუნდელების დარწმუნებას, "ქართული ოცნების" ლიდერები ვერ აკონკრეტებენ. თავად ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარები აზრის შეცვლას კატეგორიულად გამორიცხავენ და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრებიან.

მაჟორიტარების მოულოდნელი ამბოხების არ სჯერათ ოპოზიციაში, სადაც თვლიან, რომ დეპუტატები პარტიის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით ვერ დაუპირისპირდებოდნენ, ამიტომ თუ "გავრილოვის ღამეს" ქუჩაში გამოსული ათასობით ადამიანისთვის მიცემული პირობა არ შესრულდება, ეს მხოლოდ პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება.

ოპოზიცია დღეს პარლამენტში სრული შემადგენლობით მივიდა. "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტისთვის ხმის მისაცემად სესიაზე 43 დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი დეპუტატი ემზადებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას მხარს უჭერდნენ, მთავარ მომხსენებელთან, ირაკლი კობახიძესთან დღეს ოპონენტებს შელაპარაკება მოუვიდათ, ისმოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკებიც.

საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგე მაჟორიტარებს დღეს ტრიბუნიდან თითქმის ყველა ლიდერმა მიმართა.

"ქართულმა ოცნებამ" გაფრთხილება "პატრიოტთა ალიანსისგანაც" მიიღო. თუ ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდება, პარტია აქციებს აანონსებს.

პარლამენტში დაძაბულ სხდომასა და გადადებულ კენჭისყრას წინ უძღოდა უმრავლესობის შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრიდან გამოსულმა მაჟორიტარებმა გუნდში დაპირისპირებაზე სწორედ იქ ისაუბრეს და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში "ქართული ოცნებიდან" წასვლა დააანონსეს.

საკონსტიტუციო ცვლილების საბოლოო კენჭისყრამდე 15 საათი დარჩა და მოწინააღმდეგეების რაოდენობა კვლავ გაურკვეველია.

ხვალ პარლამენტმა ისტორიულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უნდა უყაროს. პლენარულ სხდომამდე, ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის ფორმატში თანაგუნდელებს ისევ შეხვდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები