15 ნოემბერი 2019,   12:26
ვრცლად
ვინ ჩაიბარებს ფილარმონიას - სახელმწიფომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მფლობელ კომპანიას მართვის უფლება ჩამოართვა

ეკონომიკის სამინისტრომ "ფილარმონიის" მმართველ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. უწყებამ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და დავალიანების დაფარვა მოითხოვა. სამინისტროს ინფორმაციით, დავალიანება სამმილიონნახევარ ლარს აჭარბებს.

"პირგასამტეხლო დაეკისრებათ, ამიერიდან ჩვენ ვიქნებით დარბაზის განვითარებაზე პასუხისმგებელი,"- ამბობს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

თბილისის საკონცერტო დარბაზი "ინთერნეიშენალ ივენთს" 49-წლიანი მართვის უფლებით, 2007 წელს გადაეცა. მას შემდეგ, ხელშეკრულების პირობების სრულფასოვნად შესრულება სახელმწიფომ კომპანიას რამდენჯერმე მოსთხოვა, მათ შორის, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიხეილ გიორგაძის კულტურის მინისტრობის პერიოდშიც.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღეს ვერც კომპანიის ხელმძღვანელებთან და ვერც მისი დამფუძნებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მენეჯმენტი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ფილარმონიაში კი "კურიერს" მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დახვდნენ.

"ინთერნეიშენალ ივენთსის" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევის საგანი არაერთხელ გახდა. საიას მთავარი რეკომენდაციები მთავრობამ რამდენიმეწლიანი მოწოდების შემდეგ გაითვალისწინა.

დედაქალაქის მთავარი საკონცერტო დარბაზის განვითარებისთვის მთავრობა სპეციალურ კონცეფციას შეიმუშავებს. ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, პროცესში კულტურის სფეროს წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი.

"გარკვეული პერიოდი მთავრობის მმართველობის ქვეშ იქნება და რომ შევიმუშავებთ გეგმებს გამოცხადდება კონკურსი და შესაბამისი ღონისძიებები,"- ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ფილარმონია ფილარმონიულ ორკესტრს - ვიდრე მთავრობა კონკრეტულ გეგმაზე მსჯელობს, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი თბილისის საკონცერტო დარბაზის ორკესტრისთვის გადაცემას ისევ საჯაროდ ითხოვს.

ვინ ჩაიბარებს დიდ საკონცერტო დარბაზს სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყდება რაც საკონცერტო დარბაზში განვითარების გეგმა გაიწერება.

ავტორი:ლელუკა ჯავახიშვილი

დღის ამბები