20 ნოემბერი 2019,   08:51
ვრცლად
ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშში შესაძლოა რთველი 2019 ჩავარდეს

წელს ტვიშში 35 ტონა ცოლიკაურის ჯიშის ყურძენი მოკრიფეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მეღვინეების მხრიდან, სხვა წლებთან შედარებით, დაინტერესება ამ სეზონზე ნაკლები იყო. სოფელში მხოლოდ ერთი კომპანია "როიალ ხვანჩკარა" შევიდა, რომელიც გლეხებს დიდი რაოდენობით ყურძნის შესყიდვას დაპირდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ ხუთი ტონა მოითხოვა.

ტვიშის მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიები უნიკალური ჯიშის ყურძენში 5 ლარს იხდიან, მაშინ, როცა სხვა სოფლებიდან დაბალი ხარისხის ყურძენს 3 და 4 ლარად ყუდულობენ და ტვიშის სახელით ფალსიფიცირებულ ღვინოს აწარმოებენ. 

ტვიშის მოსახლეობის ბრალდებებს "როიალ ხვანჩკარაში" უპასუხეს. კომპანიის დირექტორი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც მევენახეებისგან, ყურძნის მცირე რაოდენობა შეიძინა. 

წლების მანძილზე ყურძნის რეალიზაციის პრობლემის გამო, ტვიშში მევენახეობა სულ უფრო არაპოპულარული საქმიანობა ხდება, რის გამოც ახალგაზრდები მაღალმთიან სოფელს ტოვებენ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო კერძო კომპანიის საქმიანობაში ჩარევას თავს არიდებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში კი მევენახეების პრობლემის მოგვარებას, ახალი კომპანიების მოზიდვით ცდილობს.

ღვინის ახალი კომპანიების მოძიებამდე, უნიკალური ჯიშის ცოლიკაური ფუჭდება. ამ პრობლემის გამო, შესაძლოა, ცაგერში რთველი 2019 ჩავარდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

დღის ამბები