12 ნოემბერი 2019,   14:16
ვრცლად
"საქმე დაიხურება და არავინ დაისჯება" - ადვოკატის პროგნოზი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების, ვახტანგ გომელაურის, სოსო გოგაშვილისა და ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურა. 

მარიამ კუბლაშვილი თვლის, რომ საქმე დაიხურება და სპეცრაზმელი, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა, არ დაისჯება. 

"პოლიტიკური ნება გასაგებია, რომ ამ საკითხზე არ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის კუთხით. ჩემი ვარაუდით, დაიხურება საქმე და არ წაუყენებენ ბრალს სპეციალური რაზმის სამსახურის თანამშრომელს. ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულებული იყო და პროკურატურის მხრიდან დუმილი იყო გაჭიანურება იმისა, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული. მათ დაკითხეს და გამოკითხეს ყველა პირი, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ, არის იმის მანიშნებელი, აპირებენ, დიდი ხანია აპირებენ, მაგრამ მოახლოვდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოქვეყნება,"- განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. 

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებიას ელენე მაჩალიკაშვილს გამოძიების იმედი არ აქვს.

"იმედი უკვე აღარ მაქვს, ამოწურულია ყველანაირად, ყველა გზით, მაგრამ მაინც, ალბათ დაფიქრდებიან, რახან ის ბავშვი უდანაშაულოდ ჩაცხრილეს, შეიძლება დაფიქრდნენ და რაღაც შედეგი გამოიტანონ,"- განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არ დასრულებულა და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მხოლოდ ძიების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. 

ცნობისთვის, სუს-ი თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები