20 ნოემბერი 2019,   07:34
ვრცლად
უვადო მოსამართლეობის მსურველი ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატის წარსული საქმიანობა - პარლამენტში ხანგრძლივი მოსმენები გრძელდება

"თბილავიამშენის" საქმე, მოსამართლის ასაკი, გამოცდილება, კანდიდატების დამოუკიდებლობა და სისტემის შეფასება - პარლამენტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა განაახლა. ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს დღეს დეპუტატები 7 საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს. 

მიუხედავად იმისა, რომ თავად 37 წლისაა, მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასაკი 40 წლიდან უნდა იწყებოდეს. სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეს დეპუტატები დღეს 7 საათზე მეტ ხანს უსმენდნენ. 

დეპუტატები დაინტერესდნენ ლევან მიქაბერიძის წარსულითა და ამჟამინდელი საქმიანობით. ასევე იმითაც, იყო თუ არა წინა ხელისუფლების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი. ამ კითხვაზე კანდიდატს ცალსახა პასუხი არ ჰქონდა.

20 კაციანი სიიდან ლევან მიქაბერიძე მეთერთმეტე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტმა მოუსმინა. ოპოზიცია ამბობს, რომ იმ მოსამართლეებიდან, რომლებსაც უკვე გაესაუბრნენ,  უმეტესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას არ იმსახურებს. მათ კითხვები უჩნდებათ მოსამართლეების პროფესიონალიზმსა დ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობდა, მოსახლეობის აზრი შეისწავლა. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიის მოსარგებად ბრძოლა გრძელდება. ხვალ დეპუტატები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ. პროცესი კი პარლამენტში ნოემბრის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც კანდიდატებს კენჭი უნდა უყარონ.   

დღის ამბები