20 ნოემბერი 2019,   20:24
ვრცლად
ახალციხის მერის ტენდერების საქმეზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო

ახალციხის მოქმედი მერის ზაზა მელიქიძის კუთვნილებაში 4 მოქმედი შპს-ა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მელიქიძემ და მისი ოჯახის წევრების კომპანიებმა, პირდაპირი შესყიდვის წესით 15 ტენდერი მოიგეს.

საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში, სატვირთო გადაზიდვებსა და კვებით უზრუნველყოფაში მელიქიძის ოჯახმა 528.123 ლარი მიიღო. ახალციხის მერი ამტკიცებს, რომ თანამდებობა ტენდერების მოგებას ხელს არ უნდა უშლიდეს და არც კორუფციის შესახებ კანონს არღვევს.

იმ ფაქტებზე, რაზეც ქალაქის მერი არ საუბრობს და არც კანონდარღვევად თვლის, ასაჯაროებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო". კვლევის მიხედვით ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ახალციხის მერის კომპანიებმა ტვირთის გადაზიდვებსა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისთვის მიიღო.

გასულ წლებში, ზაზა მელიქიძეს ოთხი კომპანია ჰქონდა რეგისტრირებული: შპს "მელიზა", "მელიზა2", "ლეგი" და "მესხეთი 21". "მესხეთი 21"-ის წილებს სანახევროდ თავად და მისი ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე იყოფდნენ, დანარჩენი კომპანიების 100% მფლობელი და დირექტორი კი თავად იყო.

მას შემდეგ, რაც მელიქიძე ახალციხის გამგებელი გახადა, ოთხიდან ორ კომპანიაში წილები დათმო: "მესხეთი XXI"-ს 100% წილის მფლობელი მისი ცოლის ძმა, ხვიჩა ალავიძე, გახდა, დირექტორად კი ზაზა მელიქიძის ყოფილი თანამშრომელი ნუნუ კაპანაძე დაინიშნა. ასევე, ნუნუ კაპანაძე გახდა "მელიზა 2"-ის დირექტორი და 100% წილის მფლობელიც.

ორ კომპანიაში - "მელიზასა" და "ლეგში" კი კუთვნილი 100% წილის მმართველად ახალციხის მერი დღემდე თავად რჩება, რაც  "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის დარღვევაა.

კანონმდებლობით, მერს წილები სამართავად სხვისთვის უნდა გადაეცა, თუმცა კომპანიებს მხოლოდ დირექტორები შეუცვალა და ამ პოზიციებზე მეუღლის ოჯახის წევრები, ცოლის და-ძმა დანიშნა.

გამოცხადებულ ტენდერებს, მუდმივად სწორედ ქალაქის მერის კუთვნილი კომპანიები იგებენ. ტენდერის მოგების სქემა კი ასეთია: მელიქიძის კომპანიებთან პირდაპირი შესყიდვის წესით მისი მოადგილე აფორმებს, რომელიც 2006-2008 წლებში იგივე კომპანიების ფინანსური მენეჯერი და მერთან დაახლოებული პირი იყო.

ზაზა მელიქიძის კუთვნილი და ყოფილი კომპანიების მიერ, სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხის ოდენობა გამგებლად, შემდეგ კი მერად ყოფნის პერიოდში, 124.793 ლარიდან 546.044 ლარამდე გაიზარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მერის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში მქონე კომპანიების მიერ მოგებული ტენდერებით უკვე დაინტერესდა ანტიკორუფციული სამსახური და ფაქტის შესწავლა-გამოძიება დაიწყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონკრეტულ დეტალებს არ ასაჯაროებენ. 

 

დღის ამბები