12 ნოემბერი 2019,   15:40
ვრცლად
სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია

შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მცხოვრებლებს მიწის დამუშავება ოკუპანტების გამოჩენამ მხოლოდ ერთი დღით შეაწყვეტინა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საზღვართან ახლა სიმშვიდეა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქართული პოლიცია სიტუაციას აკონტროლებს და შესაბამისად თავს დაცულად გრძნობენ.

ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, სადაც გუშინ რუსმა სამხედროებმა 11 თვის წინ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, დღეს მხოლოდ ორი რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა. ატოცის მაცხოვრებლების განცხადებით, ოკუპანტების ქვეითი პატრული აღნიშნულ ადგილას ხშირად ჩანს, თუმცა მათ ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორია არასდროს გადმოუკვეთავთ.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ატოცში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. აქტივისტების თქმით, რუსულმა სამშენებლო ბრიგადამ 148 ბოძზე ლითონის ბადეების დამონტაჟება უპრობლემოდ შეძლეს. მოძრაობის წევრები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

ე. წ. საოკუპაციო ხაზთან მისვლა დღეს სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალე" წევრებმაც სცადეს. თუმცა სამართალდამცველებმა ისინი ატოცში არ შეუშვეს. მოძრაობის წევრებს მცოცავი ოკუპაციის გაპროტესტება შაქშაქეთის პოლიციასთან მოუხდათ.

ერთი დღის განმავლობაში სოფელ ატოცის მიმართულებით გადაადგილება მედიისთვისაც შეზღუდული იყო. ჟურნალისტებს სოფელში შესვლის საშუალება დღეს მიეცათ. ატოცის მცხოვრებლების თქმით, გუშინდელი დაძაბული დღის მიუხედავად მათ შიში და საფრთხე არ უგრძვნიათ.

ამ დროისთვის სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწყებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია. ქართულმა მხარემ აამოქმედა "ცხელი ხაზიც". საქმეში ჩაერთო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

დღის ამბები