17 ნოემბერი 2019,   13:22
ვრცლად
ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო - საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ საკითხი მოაგვარა

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით გენერალური საკონსულო განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოქალაქეებს შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობამ საკითხი მოაგვარა. იმ რამდენიმე ადამიანს კი, რომლებიც თანხის გარეშე არიან, ქართული ავიახაზები ბილეთს თავად შეუძენენ.

"20 ოქტომბერს, დილით უნდა განხორციელებულიყო ბარსელონა-თბილისის რეისი, მაგრამ ქართულმა ავიახაზებმა მიიღეს შეტყობინება, რომ ბარსელონაში შექმნილი სიტუაციის გამო, არ არსებობდა  თვითმფრინავის მიღების და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტია.  თბილისიდან რეისი ბარსელონას მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, არც ბარსელონადან თბილისის მიმართულებით.

მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას აეროპორტში დარჩენილ მოქალაქეებს ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოსთვის არ მიუმართავთ, საკონსულო ფლობს ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ. საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვით, მოქალაქეთა უმეტესობამ მოაგვარა საკითხი და ამ ეტაპზე, აეროპორტში რჩება 10-მდე ადამიანი (მათ შორის სომხეთის მოქალაქეები). ადგილზე ქართული ავიახაზების წარმომადგენელი აცხადებს, რომ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც, მათი თქმით, თანხის გარეშე არიან, ქართული ავიახაზები თავად შეუძენს ბილეთს. მოქალაქეებს ადგილზე მოინახულებს საქართველოს გენერალური კონსული,“ - ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები