17 ნოემბერი 2019,   13:21
ვრცლად
"დადგნენ საზღვართან და შემოიხვიონ მავთულხლართები" - ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს

მცოცავი ოკუპაცია რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის მუქარის ფონზე - ოპოზიცია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს.

დეპუტატები მთავრობის უმოქმედობასა და რუსეთთან შერბილებული ტონის ნეგატიურ შედეგებზე საუბრობენ.  ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა ხელისუფლების პირველი პირების ატოცში ჩასვლაა.

"ნაცვლად იმისა, რომ ციხელაშვილი ჩავიდეს ატოცში, ტალახში ჩაიცვას ჩექმები და დადგეს და დაინახოს უცხოურმა მედიამ, ზის კაბინეტში, ისევე როგორ პრემიერი, ისევე როგორც პრეზიდენტი და ყველა. უნდა ჩავიდნენ, დადგნენ იმ საზღვართან და შემოიხვიონ ეს მავთულხლართები,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

"გასაგებია, რომ ურთულესი პროცესია რუსეთი აიძულო შეასრულოს ვალდებულება და ხელი აიღოს თავის მოქმედებებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქტიური ბრძოლა არ მიმდინარეობდეს ყველა ფრონტზე, როგორც პოლიტიკურ, ისე საერთაშორისო. მე ვფიქრობ,  რომ ყოველთვის შესაძლებელია მეტი გაკეთდეს,“ - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა.

საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებაზე საუბრობს მმართველი გუნდი. უმრავლესობის წევრების თქმით, საგარეო უწყებამ უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებსა და დიპლომატიურ კორპუსს უკვე მიაწოდა.

"რუსეთი არის ოკუპანტი, ოკუპაციის პროცესი გრძელდება - ეს არის შეფასება. ოკუპაციის პროცესი განაპირობა იმ მძიმე დანაშაულებრივმა შეცდომებმა, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ჩვენ ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რაც გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის ყურადღების მიქცევას, მაქსიმალურად იმ დანაკარგების ანაზღაურებას, რაც ბორდერიზაციას თან ახლავს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ. 

 

 

დღის ამბები