15 ნოემბერი 2019,   11:29
ვრცლად
"ბავშვები სკოლაში მშივრები დადიან..." - მრავალშვილიანი ოჯახი სახელმწიფოსაგან დახმარებას და უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლებას ითხოვს

ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, თანხა საკვებისთვის არ ყოფნით, საცხოვრებელ სახლში კი ცუდი ამინდის დროს ისე წვიმს, როგორც გარეთ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, გათბობის პრობლემაც მოუგვარებელია. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარებაა, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების გამოსაკვებადაც არ ჰყოფნით. 5 მცირეწლოვანი შვილის დედა რიფსო გევორქიანი ამბობს, რომ ბავშვები სკოლაში, ძირითადად, მშივრები დადიან.

ხუთი ბავშვიდან უფროსი 13-ის, უმცროსი კი ორი წლისაა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი - 450 ლარიანი სოციალური დახმარებაა. ოჯახს იმედი აქვს, რომ მერია ერთ თხოვნას მაინც დაუკმაყოფილებს და პატარებს უფასო სასადილოთი სარგებლობის უფლებას მისცემს.

ბავშვებს არც ტანსაცმელი და სასკოლო ნივთები არ აქვთ. მამა სამსახურს ვერ შოულობს და თავს ერთჯერადი დასაქმებით, ტვირთის გადაზიდვით ირჩენენ. მძიმე სამუშაოს შესრულებაში სპირიდონ ჩერემუშიანს არასრულწლოვანი შვილებიც ეხმარებიან.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მრავალშვილიანი ოჯახი მუნიციპალიტეტში არსებული ყველა პროგრამით სარგებლობს, მათ შორის ყოველწლიური შვიდასლარიანი ერთჯერადი დახმარებით.

 

ავტორები: ნესტან ჩაგელიშვილი, რომან ქევხიშვილი

დღის ამბები