20 ნოემბერი 2019,   22:27
ვრცლად
"რუსეთის სტრატეგიული ინტერესების გამარჯვება და ივანიშვილის დაკვეთა" - ოპოზიცია მთავრობას კონსორციუმისთვის დაბრკოლებების განგებ შექმნაში ადანაშაულებს

ოპოზიცია ანაკლიის კონსორციუმის წინააღმდეგ ხელისუფლების მიზანმიმართულ ქმედებებზე საუბრობს. მათი თქმით, ხელისუფლების ქმედებები მიჰყვება ივანიშვილის ლოგიკას, რომ - "შავ ზღვაში რა უნდათ ამერიკელებს".

"ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტს დაბრკოლებებს სწორედ ივანიშვილის დაკვეთით უქმნის:

"საუბარი, რომ შავ ზღვაში რა უნდათ ამერიკელებს, ძალიან ლოგიკურად ჯდება იმ სურათში რაც აქამდე ხდებოდა. სახელმწიფოს დამოკიდებულება იყო ჩაშლილი ტენდერები. დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ ორ თვეს ვიღაცას მისცემენ... რა ორი თვე უნდა მისცენ? უკვე დააზარალეს ანაკლიის პროექტი, აი ამ მიზანმიმართული კამპანიით ხაზარაძის წინააღმდეგ და მათ შორის შეუსრულებელი ვალდებულებით. ამიტომ ამ ფონზე, რაც ჩვენ გავიგეთ გუშინ, არის ძალიან ლოგიკური და ხელისუფლება ამას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით აკეთებს,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის სტრატეგიულმა ინტერესებმა გაიმარჯვეს:

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რუსეთის ხელისუფლებისთვის, რომ ეს პორტი არ აშენებულიყო და სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიულმა ინტერესებმა მოიპოვა გამარჯვება ქართულ სტრატეგიულ ინტერესებზე. ის რაც დღეს ქალბატონმა ცქიტიშვილმა ასე ყასიდად განაცხადა, თითქოს კიდევ ერთხელ მოგცემთ შესაძლებლობას და იქნებ საკუთარი კაპიტალი მოიპოვოთ და სესხი აიღოთ საერთაშორისო დონორებისგან, ესეც რამხელა ცინიზმია," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები