17 ნოემბერი 2019,   16:24
ვრცლად
კონსორციუმის მიერ ცქიტიშვილის უწყებისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსი ამ დრომდე უცნობია - რა განცხადებებს აკეთებენ მხარეები

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 10 ოქტომბერს გაგზავნილი წერილის შინაარსი ოფიციალურად ამ დრომდე უცნობი რჩება. მის შინაარსზე არც ანაკლიის კონსორციუმი და არც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კონფიდენციალობის დაცვის მიზეზით არ საუბრობს.

წერილის გასაჯაროებისკენ გუშინ გამართულ ბრიფინგზე კონსორციუმს მაია ცქიტიშვილმა მოუწოდა, თუმცა კონსორციუმმა წერილი არ გაასაჯაროვა იმ მოტივით, რომ თუ მხარეები დიალოგის რეჟიმზე გადადიან, წერილის გასაჯაროება მიმდინარე პროცესს დააზიანებს. მაია ცქიტიშვილის თქმით, კონსორციუმმა ამ წერილით თავი დაიზღვია და არაპარტნიორული დამოკიდებულების დემონსტრირება მოახდინა:

"გუშინ ჩვენ მივმართეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომ მათ გაესაჯაროებინათ ეს წერილი. ჩვენ კორსორციუმმა აგვიკრძალა წერილის შინაარსზე და წერილის მიღების ფაქტზეც კი საუბარი. რა თქმა უნდა, თავი დაიზღვია და არა მარტო თაი დაიზღვია, არამედ დემონსტრირება მოახდინა ასეთი, სრულიად არაპარტნიორული დამოკიდებულების. ეს წერილი ნამდვილად როდესღაც გასაჯაროვდება და თქვენ დარწმუნდებით იმაში, რომ ანაკლიის კორსორციუმს აქვს არჩეული ტაქტიკა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, როდესაც ამბობენ რომ ამ წერილში არის მითითებული კონკრეტული ხედვა და გეგმა პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, როდესაც ამ წერილის შინაარს გაეცნობით თქვენ მიხვდებით ყველაფერს," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ანაკლიის კორსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ახვლედიანი განმარტავს, თუ წერილის გასაჯაროების საჭიროება დადგება, კონსორციუმი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს:

"ეს არის წერილი, რომელიც დაიწერა იურისტების მიერ, კონკრეტული ხელშეკრულების პუნქტების გათვალისწინებით და ამ დაძაბული ვითარების ფონზე. ჩვენ ვთვლით, რომ თუ მთავრობა გადადგამს ნაბიჯებს მოლაპარაკების წარმართვაზე და წამოვა დიალოგისკენ, ამ წერილის ამ ეტაპზე გასაჯაროება დააზიანებს ამ პროცესებს. თუ დადგება საჭიროება და დრო აუცილებლად მოვიპოვებთ, ჩვენ ორივე მხარე ვართ კონფიდენციალურობით შეზღუდული, ეს ისე არ არის, რომ ჩვენ მოვახვიეთ თავზე კონფიდენციალურობა მთავრობას," - აღნიშნა ახვლედიანმა.

დღის ამბები