12 ნოემბერი 2019,   15:05
ვრცლად
"ეს უნდა იყოს ბოლო შანსი" - ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე"

ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულებას არ უწყვეტს და ვადას წლის ბოლომდე აძლევს. ამის შესახებ განცხადება მაია ცქიტიშვილმა დღეს გააკეთა:

"როგორც მოგეხსენებათ ჩვენ გუშინ გვქონდა საშუალება, რომ მოგვესმინა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გადაწყვეტილებისთვის, რომ არ წარედგინათ სამინისტროში, როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში ასევე ბანკებთან მიღწეული შეთანხმებები, სესხის მობილიზების ნაწილში. ფაქტობრივად გუშინ სამუშაო დღე დასრულდა ისეთი სახით, რომ კონსორციუმმა არ შეასრულა თუ ვერ შეასრულა შუალედური ვადით დადგენილი ვალდებულებები. თუმცა  მიუხედავად ამისა ჩვენს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ ჩვენი უფლებით - გავწყვიტოთ ხელშეკრულება და გადავწყვიტეთ რომ მივცეთ დრო წლის ბოლომდე, რათა სრულად შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აქვს აღებული," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, ეს კონსორციუმისთვის ბოლო შანსია:

"მე ასე შევაფასებდი, რომ ეს უნდა იყოს ბოლო შანსი. ამდენად უკვე საზოგადოებაშიც არსებობს ამაზე სრული კონსენსუსი, რომ უსასრულოდ ვერ გადავავადებთ,"- აღნიშნა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ გულისხმობს ვადის წლის ბოლომდე გახანგრძლივებას, რადგან ვადა, ისედაც 2019 წლის ბოლომდე იყო მიცემული, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, მთავრობამ უარი თქვა გამოეყენებინა თავისი უფლება შეეწყვიტა ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ შუალედური ვადის 15 ოქტომბრისთვის დადგენილი ვალდებულებები არ შესრულდებოდა:

"ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვახანგრძლივებთ ვადას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უფლება შუალედური ვადის შეუსრულებლობის შემთხვევაში გაგვეწყვიტა ხელშეკრულება, ჩვენ ამ უფლებით არ ვისარგებლეთ, ახლა ადგილი აქვს არა გადავადებას, არამედ ჩვენ გადაწყვეტილებას, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიუხედავად, არ მოხდეს ხელშეკრულების მოშლა,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები