20 ნოემბერი 2019,   20:48
ვრცლად
გადაკვალიფიცირდება თუ არა ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე - ბრალდებულების ადვოკატი დამატებით მასალებს წარადგენს

შეიცვლება თუ არა ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის კვალიფიკაცია - ბრალდებულების ადვოკატი გამოძიებას დამატებით მასალებს წარუდგენს. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ ახალი კადრებით, თავად დაზარალებულის, ლევან ძნელაძის დანაშაული იკვეთება, რომელმაც მისი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პირველმა გაისროლა. ბრალდებულები კი, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, თავს იცავდნენ.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ძნელაძე ჯერ პოლიციას დაკითხულიც არ ჰყავს. მამაკაცი უკვე რამდენიმე დღეა კლინიკაში იმყოფება. სისხლიანი გარჩევა ყიფშიძეზე 30 სექტემბერს მოხდა.

საქმეში ბრალდებულის, დავით ჯაშის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარემ რამდენიმე სატელეფონო ამონაწერთან დაკავშირებით მოთხოვნა უკვე გააგზავნა, რაც მისი თქმით, საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებისგან რადიკალურად განსხვავდება. ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი იმედს იტოვებს, რომ საქმეს სწორი კვალიფიკაცია მიენიჭება.

"დავით ჯაშს არ ჩაუდენია განზრახ მკვლელობა, იგი თავს იცავდა. ჩვენ გვაქვს გაგზავნილი რამდენიმე მოთხოვნა, მაგალითად სატელეფონო ამონაწერებზე, უფრო სწორედ რომ დავკონკრეტდე, ზარებზე, რაც ბევრ ჩვენებას დაუდგება გვერდში და ნახავთ, რომ რადიკალურად განსხვავდება იმ ჩვენებებისგან, რაც მოწმეებს აღნიშნულ საქმეზე მიცემული აქვთ. ყველა მტკიცებულებას მივაწვდით ბრალდების მხარეს და საგამოძიებო სამსახურს, რაზე დაყრდნობით, განვმეორდები, მე დიდი იმედი მაქვს აღნიშნულ საქმეს მიენიჭება სწორი კვალიფიკაცია," - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

დღის ამბები