17 ნოემბერი 2019,   14:13
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს შორის უთანხმოება პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირდება

ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრებს შორის უთანხმოება პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირდება. საქმე ეხება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის გიგა ბოკერიას იმ განცხადებას, სადაც ბოკერია საუბრობს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ქვეყანაში არ უნდა დაიწყოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

პოლიტიკური ამნისტია და ოპონენტების დევნა - ეს არის საკითხი, რომელიც თანაგუნდელებს შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი ხდება. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება ხელისუფლება შეიცვლება არ უნდა დაიწყოს ოპონენტების დევნა, წინასწარ არ უნდა იყოს შედგენილი სია და კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. მას შემდეგ, რაც ქვეყანას ექნება სახელისუფლებო გავლენებისგან თავისუფალი სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემა.

"ძალიან ცუდია წინასწარ დასაჭერი ხალხის სიების შედგენა და „ევროპულ საქართველოს“ და ჩვენ პარტნიორებს ასეთი სია არ გვაქვს. მეორე, რაც შეეხება პოლიტიკურ ფიგურებს, აქ დევნა, მანამ სანამ არ ჩამოაყალიბებენ დამოუკიდებელ სასამართლოს არის სახიფათო, რომ ისევ იგივე წრეზე წახვალ, რომ ახალი ხელისუფლება წინას ასამართლებს, თან მათი უფლებების დარღვევით იმიტომ, რომ პოლიტიკური მოტივაციაა და ამას უნდა დავუსვათ წერტილი. ამიტომ ამოცანა არის დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეალურად შესაძლებელი მართლმსაჯულების და კანონის უზენაესობის განხორციელება პოლიტიკურ ოპონენტებთან მიმართებაში. მართლა სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ემსგავსება ივანიშვილს ასავალ-დასავალს და იქცევა ისე, როგორც მას ექცეოდნენ ეს ადამიანები. ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია," - აცხადებს გიგა ბოკერია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დაისაჯონ. "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე პოლიტიკური ძალების გაერთიანებაზე საუბრობენ. ლევან ბეჟაშვილი ყველა ლიდერს მოუწოდებს, თავიანთ განცხადებებში მოზომილნი იყვნენ და ოპოზიციის გაერთიანება იყოს მათთვის მთავარი ამოსავალი წერტილი, რათა ერთიანი ძალებით შეძლონ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა.

"როდესაც "ევროპული საქართველოს" ლიდერები მთავარ სამიზნედ მთავარ ოპოზიციურ პარტიას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ხედავენ, ეს ბუნებრივია პრობლემაა და მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ლიდერს იყვნენ მოზომილი თავიანთ განცხადებაში და მთავარი ამოსავალი დებულება იყოს გაერთიანება, რათა ოპოზიციამ ერთიანი ძალისხმევით შეძლოს "ქართული ოცნების" და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. დღეს ვერავინ ვერ გასცემს წინასწარ ინდულგენციებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვის მიანიჭებს თავისუფლებას და ა.შ. იმიტომ, რომ ეს ემსგავსება პოლიტიკურ მანიპულაციას. თავად ამნისტიის არ გაკეთებაც არასწორი შეფასება იმიტომ, რომ ამნისტია რომ განხორციელდეს უნდა ვიღაცამ გამოიძიოს საქმე, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, დამნაშავედ ცნოს და შემდგომ გამოცხადდეს ამნისტია," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღის ამბები