20 ნოემბერი 2019,   08:15
ვრცლად
"კურიერმა" ყიფშიძის ქუჩაზე დაპირისპირების საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა

ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე "კურიერმა" მოწმეთა ჩვენებები მოიპოვა. 

საქმის მთავარი მოწმე, ერთ-ერთი დაზარალებულის, ლევან ძნელაძის მეუღლე მარიკა წერეთელი ჩვენებაში დაპირისპირებას დეტალურად აღწერს. მისი ჩვენების მიხედვით, თავიდან სიტყვიერი დაპირისპირება კაფეში დაიწყო, ხოლო შემდეგ ის ფიზიკურ დაპირისპირებაში კაფეს გარეთ, ეზოში გადაიზარდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაპირისპირების ადგილზე მივიდა, თავის ჩვენებაში წერს, რომ თვითმხილველებმა გააფრთხილეს, რომ დაპირისპირებაში ჩართულ პირებს იარაღი ჰქონდათ. ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ მათ გასაფრთხილებლად ჰაერში გასროლა მოუწიათ, რადგან პირები სიტყვიერ გაფრთხილებაზე არ რეაგირებდნენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, დავით ჯაშის ადვოკატი იოსებ ხარატიშვილი აცხადებს, რომ მოწმეთა ჩვენებები სრულ აცდენაშია იმ ვიდეოჩანაწერთან, რომელიც საქმეში დევს. ხარატიშვილის შეფასებით, ჩვენებაში რამდენიმე მოწმე ცრუობს.

ერთ-ერთი დაზარალებულის, გივი ცინცაძის უფლებადამცველი მამუკა ლომიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ლევან ძნელაძე იარაღით გამოვიდა სახლიდან, გამოძიებისთვის მრავლისმეტყველი უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა. დაპირისპირება, რომელშიც 5 პირი ფიგურირებდა, 2 პირის დაჭრით დასრულდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყება საქმეს იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა-ტარების მუხლითაც (236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი) იძიებს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ხუთი პირი მიმალვაშია, რომლებსაც ბრალი სასამართლომ დაუსწრებლად წარუდგინა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა ასევე დაუსწრებლად შეუფარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები