15 ნოემბერი 2019,   11:38
ვრცლად
"გიორგის სამმართველოში დაემუქრნენ, რომ თუ ხმას ამოიღებდა, მასაც მოკლავდნენ"- გეთაშვილის მეუღლის თქმით, საქმეში შსს-ს კიდევ ერთი მაღალჩინოსანი ფიგურირებს

რუსთავში მომხდარი მკვლელობა - ბრალდებული გეთაშვილის ოჯახი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს.

ამ დრომდე უცნობია იმ ბიზნესმენის ვინაობა, ვინც, სავარაუდოდ, დავით მუმლაძის მკვლელობა დაუკვეთა.

ახალი ვერსიის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ერთ-ერთი დაკავებულის გიორგი გეთაშვილის ოჯახმა მიაწოდა. კონკრეტული პირის ვინაობის გამხელისგან მხარე ჯერჯერობით თავს იკავებს.

გარდა ამისა, დაკავებული გიორგი გეთაშვილის მეუღლე ლელა გეთაშვილი "კურიერთან" საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმეში ასევე შსს გავლენიანი თანამშრომელი მონაწილეობს, რომელმაც გამოძიების ობიექტურ ჩატარებას ხელი შეუშალა.

მისი თქმით, როგორც დავით მუმლაძე, ასევე გიორგი გეთაშვილი პოლიციელების მხრიდან შანტაჟისა და ზეწოლის გზით იქნა გატაცებული.

"გიორგიმ რამდენიმე დღის შემდეგ, რომ ვერ მოძებნა კონკრეტული პიროვნება, თუ ვისთვის შეიძლებოდა დახმარება ეთხოვა, შეხვდა თავის მეგობარს, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, სახელსა და გვარს ვერ დავასახელებ ამ ეტაპზე. გიორგიმ მას დახმარება და რჩევა ჰკითხა, თუ როგორ მოქცეულიყო. მან მიიღო პასუხი, რომ გაჩერებულიყო და ის მოაგვარებდა ყველაფერს. საბოლოო ჯამში, დავდექით ფაქტის წინაშე, რომ გიორგი როცა დააკავეს თბილისში და გადაიყვანეს რუსთავში იქ დახვდა ეს პიროვნება, რუსთავის მთავარ სამმართველოში. გიორგის დაემუქრნენ, რომ თუ ხმას ამოიღებდა მასაც მოკლავდნენ," - აღნიშნა ლელა გეთაშვილმა.

ბრალდებულის ახლობლები დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელობის რეალური მიზეზი, პროკურატურის ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებულია.

დღის ამბები