20 ნოემბერი 2019,   07:34
ვრცლად
ქმარმა ყოფილი ცოლი თავში ავტომატის კონდახის ცემით მოკლა


32 წლის ნათია გოგალაძე ყოფილი ქმრის მიერ მიყენებული უმძიმესი დაზიანებების შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია. "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მამაკაცმა ახალგაზრდა ქალის სამსახურში  ხელყუმბარა შეაგდო, რომელიც არ აფეთქდა. ადგილზე გამნაღმველების მუშაობა გახდა საჭირო.

თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჰქონდა მიყენებული. შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მომხდარი ფაქტის გამო ხაშურში დღეს ევაკუაცია იყო გამოცხადებული.

წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ყოფილი ცოლის სამსახურში ხელყუმბარა დღის 12 საათზე შეაგდო. გავრცელებული ვერსიით, მას შემდეგ, რაც ხელყუმბარა არ აფეთქდა, ირაკლი დეკანოიძე მაღაზიის შენობაში შევიდა და ქალს ავტომატის კონდახით თავში ცემა დაუწყო. თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ნათია გოგალაძემ მაღაზიიდან გამოსვლა შეძლო, მაგრამ უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ქუჩის მეორე მხარეს მაღაზიასთან დაეცა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, თავდამსხმელი ყოფილ ცოლს გამოჰყვა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მაღაზიების და ქუჩის მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

სროლის შემდეგ მამაკაცი გაიქცა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის დასახმარებლად მოსახლეობამ სასწრაფო გამოიძახა. ნათია გოგალაძე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში ცოცხალი მიიყვანეს, თუმცა, თავის ქალის მრავლობითი მოტეხილობებით, 32 წლის ქალი ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. ცხედარი საავადმყოფოდან გორის პროზექტურაში, ექსპერტიზაზე, გადაასვენეს.

გახსნილი ხელყუმბარა მაღაზიაში პოლიციამ იპოვა, რის შემდეგაც გამნაღმველების გამოძახება და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. გადაიკეტა თამარ მეფის გამზირი. ოპერატიული ჯგუფები ხელყუმბარის გაუვნებელყოფას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

დანაშაულიდან რამდენიმე საათში "კურიერი" სავარაუდო ეჭვმიტანილის, ირაკლი დეკანოიძის, სახლში მივიდა. მამაკაცი იქ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის წევრები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. მეზობლების ინფორმაციით, ყოფილ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, ბავშვების გამო დაიწყო.

მკვლელობის შესახებ პირველებმა ნათია გოგალაძის მეზობლებმა გაიგეს. მოკლულის სახლი, სადაც ის დედასთან და ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა, დანაშაულის ადგილიდან რამდენიმე მეტრშია. ნათია გოგალაძე 2 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში 2 მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან იყო. მოკლულის მეზობლები ყვებიან, რომ მამა დედას შვილებს არ აჩვენებდა და სოციალური ქსელით კონტაქტსაც უკრძალავდა. დედა საქართველოში ჩამოვიდა, ბავშვები დაიბრუნა, დღეს კი სასამართლოში განქორწინების გასაფორმებლად იყო დაბარებული.

დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. მამაკაცი იმალება. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე შესაძლოა განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები