16 ოქტომბერი 2019,   16:03
ვრცლად
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამღვდელოებისთვის ხვალ გაიხსნება

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სამღვდელოებისთვის ხვალ უნდა გაიხსნას. ეს არის გახარია-ალიევის შეხვედრის პირველი შედეგი. საბჭოთა მემკვიდრეობა - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ის საზღვრის მონაკვეთებია, რომლებიც არ არის დადგენილი და ორი ქვეყნის ურთიერთობაში სუსტი წერტილი გახდა. დავით გარეჯის ტერიტორია ფაქტობრივად ერთადერთი საკითხია, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს ურთიერთობას ჩრდილს აყენებს.

დავით გარეჯში სამონასტრო კომპლექსის ნაწილში სტატუს-კვოს აღედგენა სამღვდელობის გარდა, ტურისტებისა და მომლოცველების შეშვებასაც გულისხმობს.

თითქმის ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, სასულიერო პირები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილის მოლოცვას, რომელიც მათთვის ამდენი ხნის განმავლობაში დაკეტილი იყო, კვლავ შეძლებენ. სამღვდელოება ამბობს, რომ ახლა მთავარია მონასტრებამდე მისვლა ყველამ შეძლოს.

ჩიჩხიტისა და უდაბნოს ტაძრებთან მისასვლელი გზა სასულიერო პირებისთვის ხვალიდან გაიხსნება. კომპლექსის ტერიტორიაზე გადაადგილება სამღვდელოებას მას შემდეგ აეკრძალა, რაც სადავო ტერიტორიაზე სრული კონტროლი აზერბაიჯანულმა მხარემ დაამყარა. მესაზღვრეების დანაყოფების გაზრდისა და ქედზე გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ადგილზე სასაზღვრო ბაზაც აშენდა. სასულიერო პირები შიშობდნენ, რომ პროცესში შესაძლოა სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაკარგულიყო.

დავით გარეჯის სადავო მიწაზე ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი შედგა, თუმცა აზერბაიჯანული მხარე პოზიციებს არ თმობდა. საკითხი მაღალი რანგის მოლაპარაკებების თემად იქცა. ილჰამ ალიევთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ბაქოში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა პირველი განცხადება დღეს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეუშვებენ დახურულ ტერიტორიაზე მოქალაქეებსა და ტურისტებს. მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის ამ საკითხზე კვლავ გრძელდება.

 

დღის ამბები