16 ოქტომბერი 2019,   15:35
ვრცლად
სადავო დიპლომი, ჯგუფელებსა და ლექტორებზე გამოცხადებული ძებნა - შალვა თადუმაძე მწვავე კითხვებზე პასუხობს

11 საათზე მეტხანს პასუხობდა დეპუტატების მწვავე შეკითხვებს დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.  კითხვები შეეხებოდა  დიპლომს, გახმაურებულ თემებს, 20 ივნისის ღამეს და ა.შ. შალვა თადუმაძეს მწვავე კითხვებზე პასუხების გაცემა დილიდან უწევდა.

სადავო დიპლომზე საუბრის ფარგლებში ოპოზიციის წევრებმა შალვა თადუმაძეს ჯგუფელებისა და ლექტორების დასახელება მოსთხოვეს, რაზეც გენერალურმა პროკურორმა უპასუხა, რომ ვერ დაუსახელებდა, ვინაიდან მათგან ამის ნებართვა არ აუღია. ხელისუფლების ოპონენტებმა კი შალვა თადუმაძის ჯგუფელებსა და ლექტორებზე საყოველთაო ძებნა გამოაცხადეს. გენერალური პროკურორის უჩინარ ჯგუფელებს სახინკლეში ეპატიჟება რომან გოცირიძე.

შალვა თადუმაძის კვალიფიკაციაზე კითხვის ნიშნები არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ მმართველ გუნდსაც გაუჩნდა.

ვიდრე სადავო დიპლომის ნამდვილობის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა, დეპუტატთა ნაწილმა დღევანდელ სხდომაზე თადუმაძის იურიდიული განათლების შემოწმება პრაქტიკაში სცადა.

გენერალურ პროკურორს დღეს ოპოზიციამ თანამდებობიდან გადადგომისკენაც მოუწოდა. დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსიდან მისი კანდიდატურა უნდა მოიხსნას.

სადავო დიპლომზე ბრალდებების საპასუხოდ, შალვა თადუმაძემ დეპუტატებს განუმარტა, რომ სახელმწიფო უწყებაში ამ დოკუმენტით პირველად 18 წლის წინ დაიწყო მუშაობა და დაბრკოლება არასდროს შექმნია.

შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მერვე კანდიდატია, რომელსაც პარლამენტში მოუსმინეს. მისი განათლების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ დიპლომის მიხედვით გენერალურმა პროკურორმა 1993 წელს ჩააბარა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტი კი 1994 წელს დაფუძნდა. 

 

დღის ამბები