16 ოქტომბერი 2019,   16:26
ვრცლად
დავით მუმლაძის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დავით მუმლაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლემ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი რუსთავის სასამართლოში 11:00 იწყება.

დავით მუმლაძის სასტიკად ნაწამები ცხედარი მტკვარმა რამდენიმე დღის წინ რუსთავში გამორიყა. დაკავებულია ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელი - მათ ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ. კიდევ ერთ დაკავებულს, გიორგი ასათიანს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში სდებენ ბრალს. დაკავებულთა უმეტესობა დუმილის უფლებით სარგებლობს. თუმცა "კურიერმა" მოიპოვა ერთ-ერთი პოლიციელის, დავით მიროტაძის ჩვენება, სადაც ადასტურებს საქმეში მის მონაწილეობას, თუმცა თვლიდა, რომ დავით მუმლაძეს მხოლოდ "წამოარტყამდნენ", თანამზრახველობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მოკლულის მეგობარიც.

არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა მიხეილ ღუბიანურმა და დავით მიროტაძემ ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით ზურაბ დადეშელი, იგივე დავით მუმლაძე, გლდანის მესამე მიკრორაიონიდან გაიტაცეს - მეგობრის მანქანიდან თავიანთ "ბმვ"-ში მუქარით და ძალის გამოყენებით გადასვეს და შემდეგ ის კრიმინალებს გადასცეს.

ამ საქმეში კიდევ ერთი პირი, ყოფილი ძალოვანი დიმიტრი დუღაშვილი ფიგურირებს. როგორც ირკვევა, პოლიციელები მიროტაძის კრიმინალი სიძის, ზურაბ ჯღარკავას დაკვეთით მოქმედებდნენ. გატაცებული მუმლაძე პოლიციელმა მიროტაძემ და მისმა მეგობრებმა ზურაბ ჯღარკავას და მის თანამზრახველს გიორგი ასათიანს გადასცეს. გამოძიების მტკიცებით, სწორედ ამ ორმა პირმა მოკლა სადისტურად ზურაბ დადეშელი და მტკვარში გადააგდო.

დღის ამბები