16 ოქტომბერი 2019,   15:38
ვრცლად
სკანდალური დიპლომის საქმე - ოპოზიცია თადუმაძისთვის კრიტიკული კითხვების დასასმელად ემზადება

გენერალური პროკურორის დიპლომისა და სამსახურეობრივი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია უკვე საჯაროა. აღნიშნული დოკუმენტის ნახვა დაინტერესებულ პირს პარლამენტის ვებ-გვერდზე შეუძლია, თუმცა მანამდე ერთი წლის განმავლობაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" უშედეგოდ ცდილობდა მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელის დიპლომის ასლის მოპოვებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამისთვის პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, მთავრობის კანცელარიისა და პარლამენტს არაერთხელ მიმართეს.  აღსანიშნავია, რომ ამ მოთხოვნის უპასუხოდ დატოვების გამო ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროსთან სამართლებრივი დავაც დაიწყო.

დიპლომის ასლში წერია, რომ შალვა თადუმაძემ ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლა 1993 წელს დაიწყო, პროკურატურის საიტზე განთავსებული ბიოგრაფიის მიხედვით 1994 წელს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით ისიც დგინება, რომ ინსტიტუტმა ფუნქციონირება 1994 წლიდან დაიწყო. სწორედ ამიტომ ორგანიზაცია თადუმაძის დიპლომს ეჭვქვეშ აყენებს.  

ორგანიზაციის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, შარტავას 20 ნომერში მდებარე სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მათ ვერ განმარტეს რატომ დაიხურა 1994 წელს გახსნილი სასწავლებელი. თავად განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით მართვის სისტემა ამ ინფორმაციას არ ფლობს.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლების კანდიდატის დიპლომი დღეს ეჭვქვეშ სახალხო დამცველმაც დააყენა. აპარატში ამბობენ რომ შალვა თადუმაძის გარდა დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით კითხვები მირანდა ირემაძისა და პაატა თავაძის დიპლომებთან დაკავშირებითაც გაჩნდა. გიორგი ბურჯანაძის თქმით, იუსტიციის საბჭომ და საქართველოს პარლამენტმა ეს საკითხი უნდა გამოიკვლიოს.

ხვალ მთავარ პროკურორს იურიდიულ კომიტეტში მოსამართლების კანდიდატების მოსმენაზე ელოდებიან. ოპოზიცია კრიტიკული კითხვების დასასმელად ემზადება. მათ მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, ოლიგარქის დახმარებით უვადო მოსამართლედ გამწესდება. უდიპლომო მოსამართლების კანდიდატებზე კი, განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში.

 "კურიერმა" გაარკვია, რომ შალვა თადუმაძის, მირანდა ირემაძისა და პაატა თავაძის გარდა, კითხვის ნიშნები სხვა კანდიდატების დიპლომებთანაც არსებობს. პარლამენტის, კანდიდატების მონაცემების შემსწავლელმა კომისიამ განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურსა და მოსამართლების კანდიდატებს უკვე მიმართა და მოსთხოვა მათი დიპლომების ნამდვილობის შესახებ ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარედგინათ. ირკვევა, რომ 20 მოსამართლიდან მხოლოდ 2-მა დააკმაყოფილა კომისიის მოთხოვნები დანარჩენ 17 ში კი ქვეყნის მთავარი გამომძიებელი შალვა თადუმაძეც არის.

"კურიერის" ინფორმაციით ამ დრომდე დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არც მთავარ პროკურორს და სხვა უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს არ გადმოუგზავნიათ. ამისთვის განათლების სამინისტროსა და უვადო მოსამართლების კანდიდატებს დრო 16 ოქტომბრამდე აქვთ.

დიპლომების სკანდალთან დაკავშირებით ამ დრომდე განცხადება არ გაკეთებულა მთავარ პროკურატურაში, მთავარი პროკურორი საკუთარი დიპლომის ნამდვილობაზე ხვალ იურიდიულ კომიტეტში მოსმენის დროს ისაუბრებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები