16 ოქტომბერი 2019,   16:37
ვრცლად
რუსთავში მოკლული 35 წლის მამაკაცი დღეს დაკრძალეს - განზრახ მკვლელობაში ერთ-ერთი სავარაუდო ბრალდებული ამ დრომდე იძებნება

ვინ დაუკვეთა 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობა - პირს, რომელსაც მოკლულთან წარსულში კონფლიქტი ჰქონდა და სავარაუდო დამკვეთია, გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ზურაბ ჯღარკავას ადვოკატი ბრალდებას უარყოფს. 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეში ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი ფიგურირებს.

ძებნილი ჯღარკავას კონკრეტული პოზიცია ამ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით უცნობია, ვინაიდან მასსა და მის ადვოკატს შორის ჯერჯერობით კომუნიკაცია არ შემდგარა. ადვოკატს ჯღარკავას ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ, რომლებიც ჯღარკავას რაიმე მონაწილეობას ამ მძიმე დანაშაულში კატეგორიულად გამორიცხავენ, მით უმეტეს იმ ვერსიას, რომ ჯღარკავა იყო პირი, რომელმაც დავით მუმლაძის მკვლელობა დაგეგმა. რაც შეეხება ურთიერთობას გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის, ადვოკატის თქმით, ისინი იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა კონკრეტული დაპირისპირების დეტალები მისთვის უცნობია. 

ცნობილია, რომ 35 წლის მამაკაცის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებიან 2 პირს, აქედან 1 ზურაბ ჯღარკავა არის ამ დროისთვის ძებნილი, ხოლო ჯღარკავას მეგობარი - გიორგი ასათიანი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და  დანაშაულს არ აღიარებს.

"ბატონ ზურაბს რაც შეეხება, მისი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. დამიკავშირდნენ მისი ოჯახის წევრები, მათ შორის ძმა. ოჯახმა განმარტა, რომ თვითონაც გაოცებულები არიან და გამორიცხულია ზურაბს ჩაედინა ეგეთი რამე, რასაც ჰქვია მკვლელობა და მით უმეტეს თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად ამ წუთში მეტის თქმა, ვინაიდან უშუალოდ ზურაბს არ შევხვედრილვარ, არ შემიძლია, გარდა იმ პოზიციისა, რომელიც გააჟღერა ოჯახმა. ოჯახის წევრებმა არაფერი არ იციან, შესაბამისად პასუხი თვითონ ზურაბისგან უნდა მივიღო, როცა მოხდება ჩვენი შეხვედრა," - განაცხადა ადვოკატმა, სოსო ხარატიშვილმა.

გამოძიების ვერსიით, სწორედ ზურაბ ჯღარკავაა ის პირი, რომელთან კონფლიქტის გამოც ეს მძიმე დანაშაული დაიგეგმა. უკვე ცნობილია, რომ ზურაბ ჯღარკავა, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დროისთვის უცნობია, ერთ-ერთი დაკავებული სამართალდამცავის ოჯახის წევრი, მისი სიძეა. 

"კურიერი" ყოფილი სამართალდამცავის დავით მიროტაძის ადვოკატს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ დაკავებული პოლიციელი დანაშაულს არ აღიარებს. მას ჩვენება არ მიუცია და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მიროტაძის ადვოკატი ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ამ საქმის ფარგლებში დაკავებულ სხვა  სამართალდამცველებთან ნაცნობობა, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან ადვოკატი თავს იკავებს. 

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას 2 პირს ედავებიან. შეგახსენებთ, ერთ-ერთი ზურაბ ჯღარკავა ამ დროისთვის ძებნილია, ხოლო მეორე - გიორგი ასათიანია.

მოკლული ზურაბ დადეშელი დღეს დაკრძალეს. "კურიერის" ჟურნალისტი უშუალოდ გარდაცვლილის ახლობლებს ესაუბრა, აქვთ თუ არა მათ ინფორმაცია, მოკლულსა და ზურაბ ჯღარკავას, ასევე გიორგი ასათიანს შორის წარსულში კონფლიქტის არსებობის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, ამ დროისთვის ეს დეტალები მათთვის უცნობია. 

"სურამში ცხვორობდა აქ. საზღვარგარეთ მიდიოდა, მოდიოდა, მეტი არაფერი ვიცით," - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები. 

დავით მუმლაძის კვალი 1 ოქტომბერს დაიკარგა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ კი მისი ცხედარი, რომელსაც ცივი იარაღით მიყენებული 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

საქმეზე ამ დროისთვის 5 პირია დაკავებული, მათგან 3 შსს-ს თანამშრომელია, მათ შორის 2 მოქმედი. ასევე დაკავებულები არიან მისი მეგობრები და 1 პირი ზურაბ ჯღარკავა ამ დრომდე ძებნაში იმყოფება.

დღის ამბები