16 ოქტომბერი 2019,   15:57
ვრცლად
რუსთავში, 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის სიძე ამავე საქმეზე ძებნაში იმყოფება

სასამართლომ 35 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს უნდა იმსჯელოს. დაკავებულ ხუთ პირს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა. ზურაბ დადეშელის მკვლელობის საქმეში ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცავი ფიგურირებს. მამაკაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი იძებნება.

პირი, რომელიც ამ დრომდე ძებნაშია ზურაბ ჯღარკავაა. "კურიერის" ინფორმაციით ის ამავე საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი სამართალდამცავის დავით მიროტაძის დის მეუღლეა. "კურიერის" ინფორმაციით სწორედ ამ სამართალდამცველს სთხოვა ჯღარკავამ დახმარება  გარდაცვლილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღეკვეთაში. ეს ყველაფერი წარსულში დაწყებულ დავას უკავშირდება, რომელიც მოკლულთან ძებნილ ზურაბ ჯღარკავას და ამავე საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ასათიანს ჰქონდათ.

"კურიერი" გიორგი ასათიანის ადვოკატს ესაუბრა. ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარის ის ოფიციალური ვერსია რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეორე დღეა საუბრობს. ადვოკატის თქმით, იმ დროს და იმ რიცხვებში, როდესაც დანაშაული მოხდა, განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული გიორგი ასათიანი თბილისში არ იმყოფებოდა. ადვოკატის ინფორმაციითვე, ის დასავლეთ საქართველოში იყო,  ამის დამამტკიცებელი უტყუარი ალიბი ექნებათ და დაცვის მხარე სწორედ ამ დროისთვის შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად მუშაობს. 

რაც შეეხება მათ შორის არსებულ ნაცნობობას და დაპირისპირებას, რომელიც წარსულშია დაწყებული, ადვოკატი ამბობს, რომ ეს კონფლიქტი ნამდვილად არსებობდა, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე ტიპის დეტალების დაკონკრეტებისგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებისგან გამომდინარე თავს იკავებს.

"ნაცნობობა ზოგადად ჰქონდათ მაგრამ, ისეთი, რომ ახლო დამოკიდებულება ჰქონოდა არაფერი ყოფილა. ყოველი შემთხვევისთვის ძალიან ბუნდოვანია ეს ყველაფერი მათთვისაც. არ ეთანხმება კატეგორიულად, შოკში არის და აქედან გამომდინარე დეტალურად არ საუბრობს. იმ დროს იმყოფებოდა დასავლეთში, რეგიონში," - აცხადებს ადვოკატი იმედა ბეროშვილი.

სამართალდამცველების გარდა აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია გარდაცვლილის მეგობარი, რომელსაც თავდაპირველად  ცრუ ჩვენებას ედავებოდნენ, შემდგომ უკვე ოფიციალური ვერსიის მიხედვით, სწორედ ის იყო პირი, რომელმაც 35 წლის მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან მოტყუებით გაიყვანა. გეთაშვილი ამ დროისთვის  ცოლის გვარზე იმყოფება. სახელი და გვარი გარდაცვლილსაც ჰქონდა გადაკეთებული, შესაბამისად მისი მეგობარიც არ იმყოფება მის გვარზე, "კურიერის" ინფორმაციით ის ოქრუაშვილი იყო.

"პოლიციელებთან თანამზრახველობას ედავებიან, ანუ თანამზრახველობაში დახმარებას ედავებიან. როგორ შეიძლება, რომ პოლიციელთან თანამზრახველი იყო, როდესაც თვითონ იდეაში პოლიციელის ფუნქცია კანონის დაცვაა, კანონს უნდა ემსახუროს და წარმოადგენს სახელმწიფოს. შესაბამისად, მე თუ ვიღაც პირი გადავეცი, გადავეცი მხოლოდ და მხოლოდ კეთილი მიზნებისთვის, ეს ვერსია შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ის, რომ თურმე მე ვიცი, რომ პოლიციელმა უნდა გაიტაცოს - რა თქმა უნდა ნონსენსია," - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მოსამართლემ ხუთივე დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს უნდა იმსჯელოს, დაკავებულებს ბრალი გვიან ღამით წარედგინათ.

დღის ამბები