16 ოქტომბერი 2019,   15:33
ვრცლად
მკვლელობის საქმე რუსთავში - დაკავებული პოლიციელებისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალი გვიან ღამით წარუდგინა. ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც გარდაცვლილის მეგობარია, ბრალი დაუმძიმდა.

დაკავებულებს შორის მოქმედი და ყოფილი სამართალდამცველები არიან. ერთ-ერთ დაკავებულს კი ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედება. 35 წლის მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.

დაკავებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. 

"შოკშია ახლა, ყველაფერს მოელოდა მაგრამ  თურმე პოლიციელების თანამზრახველად გამოიყვანეს ამას ნამდვილად არ მოელოდა. ბრალი შეგვეცვალა, უკვე გამოდის, რომ ჩვენც პიროვნება გავიტაცეთ, ანუ ჩვენი მეგობარი გავიტაცეთ ანუ ამის თქმა უნდათ მათ, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება რეალობას. თან ისე გავიტაცეთ, რომ პოლიციის თანამშრომლები ჩავრთეთ, პოლიციის თანამშრომლებს შევუთანხმდით, რომ შემდეგ უნდა მიეყვანათ მკვლელთან და მკვლელს უნდა მოეკლა - შეიძლება ერთი ბესტსელერის გადაღება, თორემ რეალურად ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება არანაირად," - აცხადებს ადვოკატი. 

დაკავებულის მეუღლის თქმით, სავარაუდო ვერსიები იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულმა გარდაცვლილი დავით მუმლაძე სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა, ხოლო შემდგომ იძულებით დანიშნულების ადგილამდე მიიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ინფორმაცია გავრცელდა იმაზე, რომ მოტყუებით გამოიყვანა სახლიდან, სადმე მიიყვანა იძულებით და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად მცდარი ინფორმაცია იმიტომ, რომ თუ კი მიჰყავდა პიროვნება მოსაკლავად, შტერი იყო იმდენად, რომ მიეყვანა და მუხიანიდან გლდანში ჩაეყვანა და კორპუსის ეზოში ვინმესთვის გადაეცა? თურმე პოლიციელები ქუჩიდან კაცს იტაცებენ და კლავენ და სალიკვიდაციოდ ვიღაცეებს უგზავნიან და ამ ყველაფრიდან გამომდინარე უბრალოდ სიმართლე სად შეიძლება ვეძებოთ, უკვე ძალიან ძნელი სათქმელია," - აცხადებს დაკავებულის მეუღლე, ლელა გეთაშვილი.

დღის ამბები