16 ოქტომბერი 2019,   16:15
ვრცლად
დაჭრილი ვეფხვაძის საქმეში ახალი ფიგურანტები დასახელდნენ

ლისის ტბაზე მძიმედ დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის საქმეში ახალი ფიგურანტები დასახელდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტში კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები ფეიქრიშვილები და ნოდარ ნიშნიანიძე მონაწილეობდნენ.

დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რა დროსაც გოჩა ვეფხვაძე დაიჭრა, ნოდარ ნიშნიანიძე კი დააკავეს, თუმცა ვეფხვაძემ დაჭრის ფაქტი არ დაადასტურა და ნიშნიანიძე გაათავისუფლეს.

უცნობია, გაგრძელდა თუ არა წლების წინ დაწყებული დაპირისპირება ლისის ტბაზე. გამოძიებას ამ დროისთვის არც ერთი დაკავებული პირი არ ჰყავს.

ფეიქრიშვილების ადვოკატი საერთოდ უარყოფს მათ შორის ნაცნობობის ფაქტსაც კი, ხოლო ნიშნიანიძეზე ამბობს, რომ ის სხვა საქმეზე იხდის სასჯელს და ამ კონფლიქტის მონაწილე პირი ვერანაირად ვერ იქნებოდა.

გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აქვს მიყენებული და კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

სისხლიან დაპირისპირებაში, სავარაუდოდ, 10-მდე პირი მონაწილეობდა. გოჩა ვეფხვაძე ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით და შემდეგ დანით დაჭრეს, რის შემდეგაც ავტომობილით თავის საცხოვრებელ სახლთან დატოვეს. შარტავას 45 ნომერში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულია ვეფხვაძის პირადი ნივთები და ტანსაცმელი. მეზობლებს დღესაც არ აქვთ ინფორმაცია, ვინ დატოვა ეზოში დაჭრილი მამაკაცი.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები