16 ოქტომბერი 2019,   15:50
ვრცლად
როგორ იგეგმებოდა დანაშაული წინასწარ - ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება სოციალური ქსელიდან მიმოწერის ამოღებას აპირებს

51-ე სკოლის კიდევ 3 მოსწავლე დაიკითხა ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე. დღესვე სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ გამოძიება ამოიღებს სოციალური ქსელის იმ მიმოწერას, საიდანაც სავარაუდოდ იკვეთება, როგორ გეგმავდნენ დანაშაულს წინასწარ. სკოლის მოსწავლეების გარდა, სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით ხორავას ქუჩის 2 მაცხოვრებელიც დაკითხეს.

ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან მაშინ გადმოიხედა, როდესაც ინციდენტში მონაწილე ბავშვები ადგილიდან გაიქცნენ. 

"რა გავიგე, რა დავინახე, აი, ეს ხმაური. რომ გადმოვიხედე, უკვე ფაქტიურად ბავშვები გაქცეულები იყვნენ ბოლოს და ბიჭი ეგდო," - აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ადვოკატის განმარტებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ კალანდიას მიმართ წარდგენილი ბრალის არც ერთი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გაჟღერებულა და  მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები მხოლოდ ვარაუდის დონეზე იყო.

"არც ერთი მტკიცებულება არ ატარებს უშუალო მტკიცებულების შერაცხული ბრალის დამადასტურებელ ინფორმაციას, ყველა არის ვარაუდების დონეზე. 6 მოწმიდან, რომლებიც დაიკითხა, 4-მა უარყო ამ ერთ-ერთი მოწმის მიერ ბავშვობაში მიცემული ინფორმაცია, რადგანაც მსგავსი ფაქტი დანარჩენმა მოწმეებმა, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ იმ ადგილზე, სადაც ამ მოწმემ თითქოს რაღაცა განაცხადა, არ დაადასტურეს სასამართლოზე," - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

იმავეს აცხადებს პროკურორი მირიან მეგრელიშვილიც. მისი თქმით, დაკითხული მოწმეები გარკვეული სახის ინფორმაციას თავად კონფლიქტის მონაწილეებისგან ფლობდნენ და დაჭრის ფაქტს მათგან არც ერთი არ შესწრებია.

"დაკითხული 5 მოწმიდან 2 იყო ეზოს მაცხოვრებლები, რომლებიც ფანჯრიდან უყურებდნენ და ორივე მათგანმა თქვა, რომ უშუალოდ დაჭრის ფაქტი მათ არ დაუნახავთ, ხოლო იმ დროისათვის 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ ის პირები, რომლებიც უშუალოდ შეხვდნენ კონფლიქტის მონაწილეებს ხორავას ქუჩა 4-ის დატოვების შემდეგ და მათგან ფლობდნენ გარკვეული სახის ინფორმაციას, ანუ ეს პირები უშუალოდ ხორავას ქუჩა 4-ის ეზოში არ ყოფილან," - აცხადებს მირიან მეგრელიშვილი.

დღის ამბები