16 ოქტომბერი 2019,   16:00
ვრცლად
ლისის ტბაზე მომხდარი დაჭრის საქმე - ფეიქრიშვილების ადვოკატი საქმეში მათ მონაწილეობას გამორიცხავს

ლისის ტბაზე მომხდარი დაჭრის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგორ არის დაკავშირებული გოჩა ვეფხვაძესა და ნოდარ ნიშნიანიძეს შორის წარსულში დაწყებული კონფლიქტი გუშინ მომხდარ დანაშაულთან. "კურიერის" ინფორმაციით, ნოდარ ნიშნიანიძე პოლიციას სულ სხვა საქმეზე ჰყავს დაკავებული.

ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათ მეგობარ ნოდარ ნიშნიანიძეს გოჩა ვეფხვაძე საერთოდ არ იცნობდა - ამის შესახებ "კურიერთან" ფეიქრიშვილების ადვოკატმა გიორგი ანთიძემ ისაუბრა. გიორგი ანთიძე ამბობს, რომ გუშინ გოჩა ვეფხვაძის დაჭრის ფაქტთან არც ერთ მათგანს არ აქვს შემხებლობა და განსაკუთრებით ნიშნიანიძეს, ვინაიდან ადვოკატის ინფორმაციით 2 თვეა ნიშნიანიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იგი სასჯელს სხვა საქმესთან დაკავშირებით იხდის. ასევე გიორგი ანთიძე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს ვეფხვაძე სწორედ ამ ადამიანებმა დაჭრეს, ვინაიდან ანთიძე ამბობს, რომ ნიშნიანიძესა და ვეფხვაძეს შორის ასაკობრივი ზღვარი არის დიდი, ნიშნიანიძე ამ ეტაპზე არის 27 წლის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

"დაზუსტებით მინდა გითხრათ, რომ ძმებ ფეიქრიშვილებს არანაირი შემხებლობა გუშინდელ დაჭრასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ, ისინი არც იცნობენ გოჩა ვეფხვაძეს. რაც შეეხება ნოდარ ნიშნიანიძეს, ნოდარ ნიშნიანიძე თავის დროზე დაკავებული იყო გოჩა ვეფხვაძის დაჭრის ბრალდებით, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ ცნო და ის გაამართლა. შესაბამისად, ნოდარ ნიშნიანიძეს აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობა ვერანაირად ვერ ექნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის 2 თვეა უკანონოდ დაკავებულია," – აცხადებს გიორგი ანთიძე.

"კურიერის" ინფორმაციით, გოჩა ვეფხვაძეს დაპირისპირება  ახლო მეგობრებთან მოუვიდა. ჩხუბი დაიწყო გახოკიძის ქუჩაზე, თუმცა სისხლიანი დაპირისპირება ლისის ტბაზე იყო. გოჩა ვეფხვაძეს BMW-ს ტიპის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით და დანით გაუსწორდნენ, შემდეგ მის საცხოვრებელ სახლთან, შარტავას ქუჩაზე, მანქანით მიიყვანეს. 

"კურიერი" დღეს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, სადაც გოჩა ვეფხვაძის მეზობლებს ესაუბრა. ვეფხვაძის მეზობლები ამბობენ, რომ ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს  საკითხთან დაკავშირებით არც ერთი მეზობელი არ დაუკითხავთ, თუმცა მეზობლები "კურიერთან" საუბარში ყვებიან, რომ გოჩა ვეფხვაძე დაახლოებით 30 წელია შარტავას 45 ნომერში ცხოვრობს და მისი საქმიანობის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ.

"ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. გოჩა ვეფხვაძე დაჭრეს, აი ეს გავიგე. მეტი არაფერი არ ვიცი. მაგას საზღვარგარეთ უცხოვრია," - აცხადებენ გოჩა ვეფხვაძის მეზობლები.

გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას გუშინ ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმები ჯერჯერობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგნოზს ვერ აკეთებენ. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სამი მუხლით დაიწყო, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, დღეს სამინისტრო საქმესთან დაკავშირებულ დეტალებს გაასაჯაროებს და უშუალოდ ამ სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირებს დაასახელებს.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები