16 ოქტომბერი 2019,   16:02
ვრცლად
ლისის ტბაზე დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

ლისის ტბაზე დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. თითქმის 24 საათია, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ინტენსიურად აკვირდებიან. პარალელურად საქმეზე გრძელდება გამოძიება. მიმდინარეობს იმ პირების გამოკითხვაც, რომლებიც დანაშაულის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ.

41 წლის ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან - ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაპირისპირება გახოკიძის ქუჩაზე დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ავტომობილით მასში მონაწილე პირები ლისის ტბის მიმართულებით წავიდნენ, სადაც ვეფხვაძე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს.

დაჭრილი გოჩა ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმებს საიმედო პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მათი ინფორმაციით, ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პაციენტს გუშინ ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმების თქმით, დაახლოებით 72 საათია საჭირო იმისთვის, რომ ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მათ პროგნოზების გაკეთება შეძლონ.

"პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. კვლავ რჩება მძიმე კრიტიკულ მდგომარეობაში. ის იმყოფება ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში აპარატულ სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკულად მძიმე. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არის ამჟამადაც. ჭრილობები იყო სხვადასხვა სახის, ბევრ ადგილას იყო მიყენებული და სხვადასხვა თავისი სიღრმით და დაზიანებით მრავალფეროვანი იყო საკმაოდ, რამაც გამოიწვია ასეთი დიდი სხეულის დაზიანება და დიდი სისხლის დანაკარგი," - აცხადებს კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი ლევან სუხიშვილი.

დაპირისპირება გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, საქმეში 10-მდე პირი ფიგურირებს. თავად გოჩა ვეფხვაძე კი BMW-ს მარკის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით დაჭრეს, ამის შემდეგ იგი უკვე მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით შარტავას ქუჩაზე ჩამოიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, გოჩა ვეფხვაძეს დაპირისპირება მის ძველ მეგობრებთან მოუვიდა, თუმცა რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. გუშინ შარტავას ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, თუმცა საგამოძიებო უწყებას საქმეში ფიგურანტი პირები ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები