16 ოქტომბერი 2019,   15:46
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე სამი პოლიციელი დააკავეს

რუსთავში ნაპოვნი ნაწამები მამაკაცის ცხედარი - დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდა. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მოკლულის მეგობრის გარდა, პასუხისგებაში სამართალდამცველებიც მისცეს. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. 

"კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში თურქეთში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დაკავებული პოლიციელები შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 370-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც 3-დან 7 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. მას ედავებიან, რომ საგამოძიებო უწყებებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. იგი ორჯერ გამოიკითხა და ორივეჯერ სხვადასხვა ინფორმაცია მისცა სამართალდამცველებს, ამის მიზეზი იყო ის, რომ პირველ ჩვენებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირველ ეტაპზე არ ახსენა ის დაკავებული პოლიციელები, რომლებიც დაკავებულები არიან და ეს მხოლოდ მეორე დაკითხვისას ვთქვით, რომ პოლიციელებმა მოახდინეს გარდაცვლილის გატაცება,"- განუცხადა "კურიერს" ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. 

მისივე ინფორმაციით, პოლიციელების დაკავება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით განხორციელდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ოჯახის წევრები ბრალდებულის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან. დაკავებულის მეუღლე ამბობს, რომ მოკლულის მეგობარმა მძიმე დანაშაულის შესახებ არაფერი იცოდა და შესაბამისად, პოლიციასაც ვერ ჩააყენებდა საქმის კურსში.

საქმეზე გამოკითხვები პოლოიციაში გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

36 წლის მამაკაცის ნაწამები ცხედარი მტკვარმა გუშინ რუსთავში გამორიყა. ოჯახი მას ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა. 

დღის ამბები