20 ოქტომბერი 2019,   22:57
ვრცლად
"კონსტიტუცია კი არა, პრეზიდენტია შესაცვლელი" - უმრავლესობის ინიციატივას ოპოზიცია არ ეთანხმება

სად გაივლის წითელი ხაზები შეწყალების საკითხზე - ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობა გამოდის. ახალი პროექტის მომზადება დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების შემდეგ დადგა. თუმცა "ქართული ოცნება" პრობლემას მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში ვერ ხედავს და იხსენებს გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაცემულ აქტებს, რომლის მიხედვითაც საპატიმრო მძიმე დანაშაულში ბრალდებულებმა ვადაზე ადრე დატოვეს.

პარლამენტის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, თუ იარსებებს წინასწარ გაწერილი წესები, ეს  პრეზიდენტს  შეცდომისგან დაიცავს და საზოგადოებას საშიში დამნაშავის გარეთ აღმოჩენისგან:

"მართალია ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, მაგრამ თუ ჩვენ გვექნება კრიტერიუმები, რომლებიც ფაქტობრივად წინასწარ იქნება გაწერილი, ამ შემთხვევაში დაცული იქნება თავად პრეზიდენტიც შეცდომისგან და რა თქმა უნდა დაცული იქნება საზოგადოება ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც მას საშიშ დამნაშავეებს მოუტანს ისევ გარეთ გამოშვებულს."- განაცხადა სოფო კილაძემ.

ოპოზიცია პრობლემას არა კანონში, არამედ პრეზიდენტში ხედავს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით ამ საქმეს ახალი რეგულაციები და წითელი ხაზები ვერ უშველის. შეწყალების სკანდალური საქმის გამოძიებაზე ამახვილებს ყურადღებას "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი:

"ახალი რეგულაციები და წითელი ხაზები ამ საქმეს ვერ უშველის, საქმე გვაქვს არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან, რომლებიც თავისი თანამდებობებით სარგებლობენ და შესაძლოა ფულსაც კი აკეთებენ შეწყალების საქმეში, ეს საქმე უნდა იყოს გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი."- აცხადებს  ნადირაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალების სფეროს სტრუქტურა მთლიანად მოშალა, ამიტომ შესაცვლელია არა კონსტიტუცია, არამედ პრეზიდენტი:

"კონსტიტუცია კი არ არის შესაცვლელი, შესაცვლელია პრეზიდენტი, შესაცვლელია ის თამაშის წესები, რომელიც ამ პრეზიდენტმა დაამკვიდრა, მოშალა სტრუქტურა და გამოცდილება, რომელიც დაგროვდა ამ სფეროში 2 ათეული წლის განმავლობაში. ადეკვატური პრეზიდენტი უნდა იყოს, თორემ კანონი და კონსტიტუცია არის ადეკვატური."- აღნიშნა გოცირიძემ.

დღის ამბები