20 ოქტომბერი 2019,   16:47
ვრცლად
სპორტული ფედერაციები შეწყალების სკანდალურ საქმეში - პოლიციელის მკვლელის ადვოკატი დევაძის რეკომენდატორებს ასახელებს

შეწყალების სკანდალში ყოველ დღე ახალი დეტალები და ახალი ფიგურანტები ჩნდებიან. ბათუმში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი  დავით ჯაფარიძე შეწყალების საკითხზე ერთ-ერთ რეკომენდატორად ჭიდაობის ფედერაციას  ასახელებს, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

„მოჭიდავეებს დავუწერე ასეთი განცხადება, გავატანე მასალებიც , სადაც დასტურდებოდა უბედური შემთხვევა და არავითარი განზრახ მკვლელობა.მაგრამ კონკრეტულად რომელი განცხადება იქნა დაკმაყოფილებული ამას ვერ გეტყვით.“- განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

უფლებადამცველის განცხადებას, რომ საქმეში მონაწილეობდნენ სპორტის სხვა ფედერაციებიც, კერძოდ კი კრივის ფედერაცია, კატეგორიულად უარყოფს ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური:

„რამე საბუთი არსებობს იმის, რომ კრივის ფედერაციამ რეკომენდაცია გაუწია რომელიმე ასეთ ადამიანს? არავისზე არაფერი რეკომენდაცია არ გაგვიწევია, არც მოსულან, არც უთხოვიათ.“- აღნიშნა წიკლაურმა.

22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბში მოკლეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თარაშ მუკბანიანს კონფლიქტი მოუვიდა რამაზ დევაძესა და მის თანხმლებ პირთან, რა დროსაც მას  იარაღი წაართვეს. პოლიციელი სწორედ ამ იარაღიდან გასროლით დაიღუპა.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის ერთ-ერთი სწორედ რამაზ დევაძეა.

დღის ამბები