20 ოქტომბერი 2019,   15:58
ვრცლად
კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას უსმენდნენ

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მასამართლეობის კანდიდატს თამარ ალანიას დღეს უსმენდნენ. 

პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას კითხვაზე, როგორც წინა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს თუ არა მას ქართველი ხალხისთვის და საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი, თამარ ალანიამ უპასუხა, რომ ამ საქმეებს დაზარალებულებიც ჰყავს და არ უნდა მათ ჩრდილი დაადგეს.

"მე ნამდვილად არ მაქვს ბოდიში მოსახდელი. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ჩემი განაჩენი ვინმეს მიმართ უმართებულო იყო, მე ასევე შეგახსენებთ, რომ არსებობენ ამ საქმის დაზარალებულებიც და არ მინდა ჩრდილქვეშ დადგეს," - განაცხადა თამარ ალანიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი ცქიტიშვილის კითხვას, თუ რა დროს უფრო თავისუფალი იყო გადაწყვეტილებებში, 2006-2012 წლებში თუ 2012 წლიდან დღემდე, უპასუხა, რომ ყოველთვის თავისუფალი იყო და გადაწყვეტილებებს კანონსა და შინაგანი რწმენის საფუძველზე იღებდა.

"მუხროვანის ე.წ. ამბოხი იყო თუ არა თქვენზე ზეწოლა?" - კითხვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა დასვა, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ალანიამ უპასუხა, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. 

პარლამენტის წევრმა და გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გირგვლიანის საქმეს შეეხო. მან აღნიშნა, რომ თამარ ალანიას კომენტარი გირგვლიანის საქმის განაჩენზე იყო ის, რომ ნებისმიერი მოსამართლე იგივე განაჩენს გამოიტანდა, რასაც ალანია დაეთანხმა.

დღის ამბები