20 ოქტომბერი 2019,   20:29
ვრცლად
დიმიტრი გაბუნიამ სკანდალური შეწყალებების მთავარი ფიგურანტი დაასახელა

შეწყალებულთა სკანდალურ სიაზე პასუხისმგებლობას არც სალომე ზურაბიშვილი და არც მისი საპარლამენტო მდივანი არ იღებს. დღეს ბრალდებების მთავარმა ადრესატმა ისრები სხვაზე გადაიტანა. დიმიტრი გაბუნიას თქმით, შეწყალებულთა სიაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი მუშაობდა.

ანგი ხუციშვილი სკანდალური შეწყალებების მთავარ ფიგურანტად დღეს დასახელდა. დიმიტრი გაბუნია ამტკიცებს, რომ ხუციშვილი შეწყალებულთა სიაზე მისი შვებულებაში ყოფნისას მუშაობდა. გაბუნია არ გამორიცხავს, რომ მთავარ საგამოძიებო უწყებაში ის და ანგი ხუციშვილიც დაიბარონ.

"ადმინისტრაციაში არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი - შეწყალების დეპარტამენტი, რომელსაც ჰყავს თავისი კურატორი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. რომელიც, ჩემი ინფორმაციით, თვეების განმავლობაში იყო დაკავებული  ამ სიის შედგენით,"- განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. გაბუნიას თქმით, ის, რომ ეს გადაწყვეტილებები მისთვის მიუღებელი იყო,  ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზეც განაცხადა და პირადად პრეზიდენტსაც უთხრა.

თავად ანგი ხუციშვილი კომენტარზე უარს აცხადებს.

"ვერ გესაუბრებით ახლა, უკაცრავად, ბოდიშს გიხდით,"- ასეთი იყო ანგი ხუციშვილის პასუხი გაბუნიას მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

დღის ამბები