20 ოქტომბერი 2019,   15:03
ვრცლად
თუ საჭირო იქნა, ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას - გიორგი გახარია

თუ საჭირო იქნა, ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მთავრობის მეთაური 20 ივნისის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება თავად გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი ან სად იქნება დევნა დასაწყები.  

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნა, ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას, რაც შეეხება საკმარისი არის თუ არა. ამას იძიებს პროკურატურა, შესაბამისად, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი ან სად იქნება დევნა დასაწყები... ეს იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა, რომელმაც მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები.... რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გაგრძელდება. თუ იქნება საჭირო 10 ადამიანის დაკავება, დააკავებენ 10 ადამიანს,“ - აცხადებს გიორგი გახარია.

პრემიერ-მინისტრი 20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული პირების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მათ სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ ძალადობა ჩაიდინეს. 

„18 ადამიანი ციხეში ზის იმიტომ, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ და სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები, დაიცვას როგორც ინსტიტუტი, ასევე დაიცვას მშვიდობა  და მართლწესები ქალაქში. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გადანაწილებას, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც დააორგანიზეს ეს აქცია და რომლებიც მოუწოდებდნენ ადამიანებს ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში, მათაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები