20 ოქტომბერი 2019,   21:30
ვრცლად
ფოთში აქცია გაიმართა - ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ფოთში აქცია გაიმართა - ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ გზა გადაკეტა და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მძიმეწონიან მანქანებს გზაზე გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

ადგილობრივების თქმით, ისინი ინტენსიურ რეჟიმში გადაადგილდებიან და ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების ტრანსპორტირებას ახორციელებენ. აქციის მონაწილეებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხანის მუშაობაც გააპროტესტეს. მათი თქმით, ჰაერში გაფრქვეული მტვერი მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მოსახლეობა ხელისუფლებას მათ პრობლემაზე დროულ რეაგირებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრება.

„13-ს ქარხანა, ერთადერთი პრობლემა ეს არის და მეორე პრობლემა, ეს მოსიკვდილე მტვერი რომ დააქვთ ჩვენს ქუჩაზე, არ გვინდა რომ შემოიტანონ. ჭავჭავაძის ქუჩიდან გადმოაგდეს ფალაშვილზე და ახლა თანხმდებიან იმას, რომ ალბათ ალტერნატიული გზა როგორ მოინახება, მაგრამ რამდენ წელიწადში გამონახავს ბატონი გოჩა ამ გზას, ველოდებით ხვალ დილით პასუხს. თუ არა და ალბათ იქნება გადაკეტილი მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ადგილობრივმა, ანა ქავთარაძემ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს ალტერნატიული გზის მშენებლობაზე მუშაობა და შედეგებიც სულ მალე იქნება დადებული.

„ნაწილობრივ ვეთანხმები მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოთხოვნას, ვინც უკიდურესი ზომა მიიღო და გზა გადაკეტა. გარკვეული სახის პრობლემები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველა ღონებს ვხმარობთ იმისათვის, რომ ეს პრობლემები დროულად იქნეს აღმოფხვრილი. მიმდინარეობს  მუშაობა ალტერნატიული გზის მშენებლობაზე, მუშავდება სხვადასხვა პროექტები და ჩვენ სულ მალე შედეგებს მივაღწევთ,“ - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

დღის ამბები