20 ოქტომბერი 2019,   20:09
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე  ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე და   ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია იმყოფებოდნენ.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრეს. ასევე, აქცენტი გაკეთდა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვაზე, რაც ადგილზე ჰუმანიტარულ კრიზისს იწვევს.

ამასთან, განხილულ იქნა  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანაში შექმნილი ვითარება და სოფელ გუგუტიანთკარში  ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ასევე, განხილულ იქნა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებისა და უკანონო დაკავებების გახშირებული შემთხვევები.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეგულარულ დარღვევებს, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებს.

საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა  და ქართველების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის საკითხებს.  

ქართულმა მხარემ კვლავ მწვავედ დააყენა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, დავით ბაშარულისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.

ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი 2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები