20 ოქტომბერი 2019,   20:54
ვრცლად
მთავარ საგამოძიებო უწყებაში ნიკა მელია მივიდა

გენერალური პროკურატურის განმარტებით, 10 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, საცხოვრებელი ადგილი დატოვა.

სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ნიკა მელია პროკურატურაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. მთავარი საგამოძიებო უწყების ეზოში შეკრებილნი არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და ნიკა მელიას მხარდამჭერები. 

მელიამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია. მისი თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და ეს ინტერესი მისი პოლიტიკური განეიტრალებაა. მელია აცხადებს, რომ ნებისმიერი საშუალების შემთხვევაში იგი ისევ იქნება სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემების სტუმარი. კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა პროკურატურა მის წინააღმდეგ  უფრო მკაცრ აღმკვეთ ღონისძიებას, მელია პასუხობს, რომ მას კანონდარღვევა არ ჩაუდენია და შესაბამისად,  დაკავებას გამორიცხავს. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამ დრომდე მთავარ პროკურატურასთან ნიკა მელიას შენობიდან გამოსვლას ელოდებიან. მათი განცხადებით, საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ლიდერები აცხადებენ, რომ პროკურატურამ ნიკა მელიას ვერ განუმარტა,  რა მიზეზით არ უნდა დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი. მხარდამჭერების თქმით, შესაძლოა, პროკურატურამ უფრო მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება გამოიყენოს. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები