20 ოქტომბერი 2019,   20:08
ვრცლად
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის დისკუსია კახეთიდან დაიწყო

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო დისკუსია კახეთიდან დაიწყო.  ამ წუთებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უძღვება.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი ხასიათის შეხვედრები აუცილებელია, რა დროსაც სახელმწიფო ინსტიტუტები მოსახლეობის აზრს ითვალისწინებენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის განხილვის ფარგლებში კომისია სხვადასხვა რეგიონში ჯამში 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. საყოველთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობას საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები იღებენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, პროპორციული არჩევნები ბუნებრივ ნულოვან პირობებში და საარჩევნო ბლოკების გარეშე ჩატარდება.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების მიერ დარეგისტრირებულ პროექტს, ისინი პროპორციულ არჩევნებს 3%-იანი ბარიერის პირობებში საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით ითხოვენ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს განცხადებით პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზები სრულებით აღმოიფხვრა, რის შედეგადაც კონსტიტუცია იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულია.

„ერთადერთი წუხილი, რაზეც პრაქტიკულად გამოთქვა ეს წუხილი ვენეციის კომისიამ, იყო პროპორციულთან დაკავშირებით და 2020-თან დაკავშირებით და ეს თუ შეიძლება ხარვეზი დავარქვათ, ეს ხარვეზიც აღმოიფხვრა, ამიტომ პრაქტიკულად იდეალურთან მიახლოებული კონსტიტუცია გვაქვს, რომელშიც არის ეროვნული ღირებულებები, ჩვენი დასავლური კურსი, რეფორმების საშუალება ნებისმიერი ნორმიდან გამომდინარე, ადამიანების უფლებებზე ორიენტირება და ეს კონსტიტუცია გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც მოკლევადიანში იმუშავებს ძალიან კარგად და გამოადგება მხოლოდ და მხოლოდ განვითარებას ამ ქვეყნისას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები