23 სექტემბერი 2019,   09:02
ვრცლად
"ეკლესიაში გამოუცხადეს თქვენი აღარ არის, ჩვენიაო და დაუჭერიათ" - ერთ-ერთი ადგილობრივი 8 ახალგაზრდის გატაცების შესახებ საუბრობს

სოფელ ახალუბნიდან გატაცებული ახალგაზრდების ბედი ისევ გაურკვეველია. ამ დრომდე უცნობია, როდის გაათავისუფლებენ 8 ახალგაზრდას. დაკავებულები 4 დღეა ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებიან. გატაცებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობს არც ოფიციალური უწყება.

ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ დაკავებულების ე.წ. სასამართლო დღეს გაიმართება და 8 ახალგაზრდის ბედი დროულად გადაწყდება.

„ეგ პირველი შემთხვევა არ არის, ბევრჯერ გაუტაციათ მენახირეები, ძროხები გადასულან იქით და გაუტაციათ. ახლა ბიჭების ამბავი, საღამო ყოფილა დამთვრალან და წასულან სასაფლაოზე, ჩვენ მეზობელს ახალი გარდაცვლილი ჰყავს მამა. ახალგაზრდა ბიჭია, წამოდით შენდობა ვუთხრათო. წაუღიათ პურმარილი და უქეიფიათ სასაფლაოზე. ბარემ სანთლები დავანთოთო და იქ გადასულან, სადაც ეკლესიაა. ეკლესიაში გამოგვიცხადეს, რომ თქვენი აღარ არის ჩვენიაო და დაუჭერიათ იქ საზღვარი გადმოკვეთეთო“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სოფელში იმყოფებოდა გიორგი ხოჯევანიშვილი. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ამბობს, რომ ქართული მხარის მხრიდან, ყველა ღონისძიება ტარდება იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლონ.

„ამ დროისთვის, რაიმე დამატებით კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველა მის ხელთ არსებული ღონისძიებები ტარდება და იდგმება ის ნაბიჯები, რომ დროულად მოხდეს უკანონო დაკავებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის მშვიდობიანად სახლებში დაბრუნება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მშვიდობით არიან ყველანი“ - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

8 დაკავებული  4 დღეა ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფებიან. 7 ახალგაზრდა მამაკაცი  ოკუპანტებმა ახალსოფლიდან, სასაფლაოს ტერიტორიიდან, ხოლო ერთი, მეჯვრისხევიდან გაიტაცეს.  ადგილობრივები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები