19 სექტემბერი 2019,   14:46
ვრცლად
8 დაკავებული 48 საათში - საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ამ დრომდე არ ათავისუფლებს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ორი დღის განმავლობაში საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს და ამ დრომდე უცნობია, როდის გაათავისუფლებენ მათ.

32 წლის კობა ვარდანაშვილმა დედას ბოლოს 24 საათის წინ დაურეკა და უთხრა, რომ გარდაცვლილი მამის საფლავზე იყო. სოფელ ახალუბნის სასაფლაოზე მასთან ერთად კიდევ 6 მეგობარი იმყოფებოდა.

ახალგაზრდები წმინდა გიორგის სალოცავისკენ წავიდნენ, რა დროსაც ისინი შეიარაღებულმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებული ახალგაზრდები, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - სოფელ აძვისთავში ბაზაზე მიიყვანეს, საიდან შემდეგ ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ოკუპანტებმა წაიყვანეს ადგილობრივების სამი ავტომობილიც, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ. თუმცა, გატაცებიდან 24 საათში ავტომობილები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ აძვისთავში ქართულ მხარეს გადმოსცეს.

იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება 7 ახალგაზრდის გატაცების შესახებ საერთაშორისო მისიების ინფორმირებას ახდენდა და გატაცების დეტალებს არკვევდა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. 30 წლის სოსო დვალიშვილს სხვა დაკავებულების მსგავსად, ოკუპანტები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

ე.წ. საოკუპაციო ზოლთან „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიაც იმყოფებოდა. დეპუტატი ადგილზე პოლიციის ინტენსიური პატრულირების და პოსტების აუცილებლობაზე საუბრობს.

სოფელ ახალუბანში დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ. ისინი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ოკუპანტების გააქტიურებას საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირებენ.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება და საერთაშორისო ორგანიზაციაა ინფორმირებული.

დღის ამბები