21 ნოემბერი 2019,   11:52
ვრცლად
"ივანიშვილის რეჟიმის სახით ქვეყანაში მივიღეთ კრემლის მარიონეტი ხელისუფლება“ - ბაჩუკი ქარდავა

გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, ოპოზიციის წევრები ჩავიდნენ. ისინი სოფელში არსებულ ვითარებას მოვლენებს პირადად გაეცნენ და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს არ სურს, ოკუპანტთან რაიმე სახით დაპირისპირება. 

ბაჩუკი ქარდავა-ის სურათის შედეგი

„ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, პირველ რიგში ამას უნდა გავუსვათ ხაზი. არ არის მიზეზი მხოლოდ შვებულებები და ვიღაცა რომ ისვენებს. გასაგებია ის თავხედური განცხადებები, რაც იგივე გორის მერმა გააკეთა, მაგრამ ეს არის ქართული სახელმწიფოს დღევანდელი რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, პოლიტიკური პოზა. მას არ სურს, რაიმე სახით დაპირისპირებაში შევიდეს ოკუპანტთან. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით ქვეყანაში კრემლის მარიონეტი ხელისუფლება“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაია ამბობს, რომ რუსი ოკუპანტების მხრიდან საფრთხე კიდევ არსებობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ეს გაითვალისწინოს.

პაატა დავითაია-ის სურათის შედეგი

 „როდესაც დაიწყო მცოცავი ოკუპაცია, მე ხაზი გავუსვი  და ვთქვი, თუ რატომ კეთდებოდა ეს. ხდებოდა მოსინჯვა, შეიძლება თუ არა მივიდეთ ავტომაგისტრალამდე თბილისი-სენაკი. ძველი რუკებით, 1954 წლის რუკებით, თბილისი-სენაკის მონაკვეთი შედის ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიის რესპუბლიკაში. ამიტომ, ყველა საფრთხეა მოსალოდნელი, მოვუწოდებ ხელისუფლებას გაითვალისწინეთ ეს“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები მეორე დღეა აღარ გამოჩენილან, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ადგილზე მავთულხლართები უკვე გაავლეს. ოკუპანტებმა  მოსახლეობას სახლების დასაშლელად 3 დღიანი ვადა მისცეს, რომელიც დღეს იწურება.

სახლების დემონტაჟი თითქმის დასრულებულია. ამ დროისთვის არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება. ჯერ უცნობია აღმოჩნდება თუ არა ოკუპანტების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი, რომლითაც სოფელი მარაგდება. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები