19 სექტემბერი 2019,   14:21
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრი გუგუტიანთკარში ჩავიდა - ზალკალიანი მოსახლეობა იქ დაიბარა, სადაც მის უსაფრთხოებას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს

გუგუტიანთკარში ცოტა ხნის წინ დავით ზალკალიანი ჩავიდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა სოფელში ჟურნალისტების გარეშე შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.  მაშინ, როცა მთავრობის ყველა წარმომადგენელი და 20 ქვეყნის ელჩებიც, საოკუპაციო ხაზთან, სწორედ მედიის თანდასწრებით იმყოფებოდნენ. ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა მოსახლეობა სალაპარაკოდ იმ ადგილზე დაიბარა, სადაც მის უსაფრთხოებას პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა იცავდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მოსახლეობასთან მედიის გარეშე შეხვედრის მიზეზები განმარტა და თქვა, რომ მას ჟურნალისტების თანდასწრებით საუბარი არ უყვარს.

რაც შეეხება მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უწყება სრული დატვირთვით მუშაობს, რათა საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, პარტნიორ ქვეყნებს, მიმდინარე უკანონო ქმედებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდეთ. 

Image result for დავით ზალკალიანი„მთელი საერთაშორისო ცივილიზებული თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. სწორედ, ამ მცდელობების შედეგად, ეს ორი დღეა, იცით, რომ ეს პროცესი შეჩერებულია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ გვაძლევს დამშვიდების გარანტიას. პირიქით, 24-საათიან რეჟიმზე არის გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთლიანად ჩვენი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ. ყველა დიპლომატიური მისია არის ინსტრუქტირებული, ელჩები, რომ მუდმივ რეჟიმი ინფორმირებული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ჩემი სურვილი იყო, რომ მედიის გარეშე, მე არ მიყვარს მედიასთან ასეთ თემებზე, ასეთი საკითხების გამოყენება, რაღაც სხვადასხვა პიარული მიზნებისთვის.  რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს, მე მინდოდა, რომ ძალიან გულწრფელად, ღიად ეთქვათ თავიანთი სათქმელი და მე ეს სათქმელი მათგან მივიღე და მოვისმინე. ისინი იყვნენ ძალიან გულწრფელები და მე მადლიერი ვარ მათი, რომ ძალიან გაგებით ეკიდებიან არსებულ სიტუაციას. მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმ ქმედებებთან დაკავშირებით და იმ საქმიანობასთან მიმართებაში, რა საქმიანობაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. მათ აქვთ ამის სრული გაგება და მათი თხოვნაც არის, რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული სიტუაცია, იმისკენ რომ არ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის გადმოწევის სამუშაოები 11 დღის წინ დაიწყეს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელში დღეს პირველად ჩავიდა. 

ადგილობრივებმა საკუთარი სახლები აგურ-აგურ ისე დაშალეს, რომ ადგილზე არც პრემიერი და პრეზიდენტი გამოჩენილან. ქვეყნის პრემიერი დაპირების მიუხედავად, გუგუტიანთკარში ისევ არ ჩადის. მამუკა ბახტაძე, საოკუპაციო ხაზს დღეს ოდნავ მიუახლოვდა, მაგრამ სამთავრობო კორტეჟის ბოლო გაჩერება, მხოლოდ წეროვანი იყო. გავრცელებული ინფორმაციით კი, პრეზიდენტი ლოპოტაზე ისვენებს.

სოფელში არ მისულა და შავ ზღვაზე ატარებს შვებულებას გორის მერიც. 

დღის ამბები