19 სექტემბერი 2019,   15:20
ვრცლად
"არ მოკლა, არ აწამო, აღსრულდეს სამართალი " - ახალგაზრდებმა ცხოველთა მხარდამჭერი აქცია გამართეს

"არ მოკლა, არ აწამო, აღსრულდეს სამართალი " - ახალგაზრდებმა ცხოველთა მხარდამჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში ცხოველებზე წამების ფაქტებმა იმატა, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ამ ბარბაროსულ ქმედებებზე რეაგირება არ ხდება.

აქციის მონაწილეები ცხოველთა დაცვის მიზნით, კანონის გამკაცრებას ითხოვენ.

„ დღეს ჩვენ იმიტომ ვდგავართ აქ, რომ ცხოველებსაც აქვთ უფლებები და ცხოველებიც არიან ცოცხალი არსებები და მათაც სჭირდებათ შველა და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მათ ვუშველოთ. სტატისტიკა საკმაოდ მაღალია იმისი, რომ ცხოველებზე ძალადობა ხდება, მით უმეტეს ძაღლებზე, კატებზე და აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მეტი ყურადღება, რომ დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც ამ საშინელებას აკეთებენ და აღსრულდეს კანონი, რადგან კანონი მხოლოდ ფურცელზე არ არის,“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციას შეუერთდა ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც. ჟურნალისტის განცხადებით, შესაბამის უწყებებს, რომლებიც ცხოველთა წამებაზე  არიან პასუხისმგებელნი, ეს საკითხი არ აღელვებთ.

„ შეუძლებელი გახდა უკვე ყოველი დილის გათენება. გავიღვიძებთ, ყოველ მეორე დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაც ნაძირალა დამნაშავემ, კრიმინალმა ადამიანებმა აწამეს უმწეო ცხოველები, მოკლეს უმწეო ცხოველები. ჩვენ გვყავს ყრუ სტრუქტურები შესაბამისი, ვისაც ეხება, რომ აღსრულდეს კანონი, ვისაც ეხება, რომ უნდა დასაჯონ დამნაშავეები და ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, ვისაც ევალება, მაგრამ არ ასრულებენ ამ კანონს, გვინდა მივმართოთ, ნუ დაყრუვდებით, გაახილეთ თვალები,“- განაცხადა გრიგოლიამ.

დღის ამბები