21 აგვისტო 2019,   01:16
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მოსკოვთან ერთად იზეიმეს „ქართულ ოცნებაში“

„რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მოსკოვთან ერთად იზეიმეს „ქართულ ოცნებაში“ და გადაწყვეტილებაც სულ რამდენიმე საათში ისე აღასრულეს, რომ მოსარჩელეების წასვლას დიდ პალატაში აღარც დაელოდნენ.

სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, რომელიც იუწყებოდა, რომ ყველაზე მძლავრ ოპოზიციურ მაუწყებელს მფლობელი შეეცვალა, იმის საფუძვლიანი ეჭვიც გააჩინა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასა და მედიაპლურალიზმს რეალური საფრთხე შეექმნებოდა.

სიტყვის თავისუფლებისა და ქვეყანაში ჯანსაღი მედიაგარემოს გულშემატკივართა ეჭვების გაფანტვა, სტრასბურგის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მალევე საქართველოს პრემიერმა სცადა. თუმცა ბახტაძის განცხადებამ, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მომავლის მიმართ, ვითარება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

კერძო, თუმცა ალბათ ყველაზე საძულველი მედიაკომპანიის სამართლებრივ დავაში დამარცხებამ, ქვეყნის მმართველი პარტიის ცნობილ სახეებს სიამაყის საფუძველი გაუჩინა. ისინი ურთმელიძისა და მისი კოლეგების სამართლიანობის ხარისხზე ერთხმად და ამაყად ალაპარაკდნენ.

სტრასბურგის დიდ პალატამდე მისაღწევი გზა რთული და საკმაოდ ხანგრძლივია, ამიტომ გასაჩივრების შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები რთული წარმოსადგენია.

„რუსთავი 2“- ში მეორედ მოსული ქიბარ ხალვაშის მიერ მოვლინებული ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ამბობს, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს, შესაბამისად, სიტყვის თავისუფლებასაც საფრთხე არ ემუქრება.

მოიპოვებს თუ არა ნდობას ახალი მმართველი, უახლოეს პერიოდში გაირკვევა, მანამდე კი ერთი რამ ცხადია, „რუსთავი 2“-მა ბოლომდე იომა, ძლევამოსილ ივანიშვილს ნერვები აწიწკნა, საბოლოოდ, დიდმა ევროპამ ის დაადუმა.

ავტორი: ნანიკო სისვაძე.

დღის ამბები