19 აგვისტო 2019,   03:38
ვრცლად
ლარი კვლავ რეკორდულად გაუფასურდა - სპეციალისტები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ

ლარი კვლავ  გაუფასურდა. ოფიციალური მონაცემებით ერთი დოლარი 2 ლარი და 87 თეთრია. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში გაცვლით კურსი კიდევ უფრო მაღალია. სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარი 2.89 ლარი ღირს.

საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.92 ლარს აღწევს. 1 აშშ დოლარს 2.93 ლარად ყიდის თიბისი ბანკი. 

ექსპერტები   ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობენ. ისინი ლარის კურსის გაუფასურებაში საგარეო ფაქტორს გამორიცხავენ  და ამბობენ, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უარყოფითი მოლოდინების გამომწვევი არაფერი მომხდარა.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია ეროვნული ბანკის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრობს. შენგელია ასევე,  შეცდომად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად არანაირი საჭირო ღონისძიება არ გაატარა. მაღალი მოლოდინებიდან გამომდინარე, სპეციალისტი არ გამორიცხავს რომ წლის ბოლოს ეროვნული ვალუტის  ფასმა 3 ლარი შეადგინოს.

„ეს არის გამოძახილი იმ შეცდომით მართული ეკონომიკისა, რომელსაც აწარმოებდა ეროვნული ბანკი თავის ფულად-საკრედიტო პოლიტიკით და საქართველოს მთავრობა. რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, საერთოდ, უკვე კარგა ხანია  ზეწოლა ბოლო 6 თვეა არის, ეს არის ის, რომ შემცირდა ძალიან ინვესტიციები და ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ლარზე ეროვნული ბანკის მხრიდან ფაქტიურად არავითარი ღონისძიება არ მოჰყოლია, რომ მიეღოთ რაიმე განსაკუთრებული. ჩვენ არ ვიძახით, რომ მაინც და მაინც ინტერვენცია უნდა განეხორციელებინათ, გამოეტანათ დოლარები, მაგრამ დიდი მოცულობები დოლარის არ უნდა შეეძინათ. ახლა უკვე მოლოდინები იმდენად მაღალია, რომ ფაქტიურად, გვაქვს ის მოცემულობა, რაც გვაქვს და თუ ასე გაგრძელდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ წლის ბოლოს ჩვენ ვიხილოთ ერთი და სამიანი ნიშნულით,“- განაცხადა შენგელიამ.

ლარის გამყარებასთან დაკავშირებით დადებით პროგნოზს ვერც არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აკეთებს. კეპულაძე იმ აუცილებელ ღონისძიებებზე  საუბრობს, რომელიც მთავრობამ ეროვნული ვალუტის გასამყარებლად უნდა შეიმუშავოს. მისი თქმით, საჭიროა ქვეყანაში ტურიზმს კარგი რეკლამა გაუკეთდეს და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიური გზავნილები გაჟღერდეს.

„ნაბიჯები, რომელიც გვინდა დავინახოთ, ეს არის მეტი ინვესტიციის შემოტანა ქვეყანაში, კარგი ტურისტული გარემოს გარეკლამება, იმისთვის, რომ საქართველოში არ არის მართლა არეულობა და ყოველდღიურად ადამიანებს ქუჩაში არ არბევენ და ეს პოზიტიური გზავნილები, თუმცა, სამწუხაროდ, სხვა გზავნილები გვესმის, პირიქით, აშინებენ მოსახლეობას, რომ აი, აქცია თუ არ დამთავრდება და კიდევ  მეტად შეიძლება გაუჭირდეს ქვეყანას და ეკონომიკური სიდუხჭირე იყოს, როცა საერთოდ საწინააღმდეგო უნდა გვესმოდეს მთავრობისგან. მთავრობამ უნდა ისაუბროს პოზიტიურ დღის წესრიგზე, ოპტიმისტური მომავალი უნდა შესთავაზოს და ბაზარს რადგან ეს ყველაფერი როდესაც ხდება პირიქით, რა თქმა უნდა, ბაზარს ეშინია და მომავალი გაუფასურების შიშით  ცდილობს დღესვე შეიძინოს უცხოური ვალუტა,“- განაცხადა კეპულაძემ.

სპეციალისტები ლარის გაუფასურებასთან ერთად პროდუქტების ზრდას ვარაუდობენ და არც ენერგოტარიფების გადახედვას გამორიცხავენ.

დღის ამბები