19 აგვისტო 2019,   03:35
ვრცლად
დაპირისპირება ბათუმში - ბიძინა ივანიშვილი პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაცვის გაძლიერებული კორდონით გაიყვანეს

ბიძინა ივანიშვილი ბათუმის სასტუმროს „ჰილტონიდან“ დაცვის გაძლიერებული კორდონით გაიყვანეს. პოლიტსაბჭოს სხდომა ბათუმში ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები საპროტესტო ბანერებით და ხმაურიანი შეძახილებით გიორგი გახარიას გადადგომას და ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

ივანიშვილმა საპროტესტო პიკეტი არ შეიმჩნია, ამიტომ „ჰილტონთან“ შეკრებილებმა პროტესტის ნიშნად, ბიძინა ივანიშვილის ესკორტს გზა გადაუკეტეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

„აქ, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან, მშვიდად ვიდექით, ვაპროტესტებდით კიდევ ერთხელ 20 ივნისს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, სრული პანიკა იყო... ამ პანიკის დროს, ჩვენ გაგვაგდეს პირდაპირ მანქანების ქვეშ, თითქმის გზაზე გადაგვყარეს. ამიტომ, მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, გახარია უნდა გაუშვას, ეს არის სისხლიანი მინისტრი და ამას საზოგადოება არ შეეგუება. თუ არ გაუშვებს, ბიძინა ივანიშვილს თავად მოუწევს როგორც ხელისუფლებიდან, ასევე ქვეყნიდან წასვლა“ - განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ქრისტიან-კონსერვატორების” თავმჯდომარემ, მიშა ბოლქვაძემ.

ბათუმში, პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა. 

 

 

დღის ამბები