19 აგვისტო 2019,   03:26
ვრცლად
"პასუხი უნდა აგოს კომპანიამ, შრომის ინსპექციამ," - სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე მშენებლობაზე გარდაცვლილ არასრულწლოვანზე საუბრობს

მშენებლობაზე 16 წლის მოზარდის დაღუპვისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას და შესაბამის ორგანოებს აკისრებენ. მათი თქმით, აუცილებელია შრომის ინსპექციამ უზრუნველჰყოს ობიექტებზე დასაქმებულების შრომითი უსაფრთხოება. მშენებლობაზე არასრულწლოვანის გარდაცვალების გამო, ინდური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების პოლიციაში გამოკითხვა სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება. გუშინ კი პროცესი გვიანობამდე მიმდინარეობდა. გამოიკითხა ასევე სამი მუშა. ტრაგედია დოლაბაურის ქუჩაზე გუშინ მოხდა. არასრულწლოვანი, რომელსაც ადგილზე კანონის ყველა ნორმის დარღვევით ამუშავებდნენ - ლიფტის შახტში ჩავარდა და დაიღუპა. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანიას უსაფრთხების მინიმალური სტანდარტებიც კი არ ჰქონდა დაცული.

"პასუხისმგებლობა არის, ამ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა შრომის ინსპექციის და იმ უწყებების, რომელსაც ევალებათ, რომ დაიცვას შრომის უსაფრთხოება დასაქმების ადგილებზე. აუცილებელია ამ ეტაპზე რომ პროაქტიურად მოხდეს შესვლა მაქსიმალურად დიდი რაოდენობის სამშენებლო ობიექტებში, დასაქმების ადგილებში და შემოწმდეს შრომის უსაფრთხოების დაცვა და მოხდეს პრევენცია ამგვარი უბედური შემთხვევების"- "ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის," სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი.

პასუხისმგებლობას მომხდარზე სამშენებლო კომპანიასა და შრომის ინსპექციას აკისრებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძეც. იგი აცხადებს, რომ სამშენებლო სფეროში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

"მშენებლობაზე არასრულწლოვნების დასაქმება არის სრულიად დაუშვებელი, ამაზე პასუხი უდნა აგოს კომპანიამ, შრომის ინსპექციამ, რომელმაც არ გადაამოწმა ეს სივრცეები და ზოგადად პოლიტიკური პასუხისმგებლობა ენიჭება ქართულ ხელისუფლებას,"-აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები