19 აგვისტო 2019,   07:53
ვრცლად
მორიგი თავდასხმა "რუსთავი 2-ზე" - კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიას უჩივის

"რუსთავი 2-ის" 9 %-იანუ წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძე ნიკა გვარამიას პროკურატურაში უჩივის. ნიჟარაძე კომპანიის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სამი მუხლით ითხოვს. "რუსთავი 2-ის" აქციონერი და მისი ინტერესების დამცველი ამტკიცებენ, რომ ნიკა გვარამია კომპანიის საზიანოდ მოქმედებს. გიორგი ყავლაშვილის თქმით, ამ დასკვნამდე ისინი ფინანსური დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მივიდნენ. მთავარი კითხვის ნიშნები სარეკლამო კომპანია "ინტერმედიასთან" გაფორმებული კონტრაქტია.

"ინტერმედიას" გარდა, ნიჟარაძე ყავლაშვილისთვის საეჭვო ტელეკომპანია "მესამეა". "რუსთავი 2-ის" კუთვნილ მაუწყებელს ისინი დამოუკიდებელ შპს-დ განიხილავენ და ამტკიცებენ, რომ "მესამეში" "რუსთავი 2-სთვის" დამალული თანხების აკუმულირება ხდება.

ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ ნიჟარაძე და მისი ინტერესების დამცველი ხელისუფლების დავალებით მოქმედებენ. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის თქმით, პროკურატურაში შეტანილი განცხადებაც და სასამართლოს სარჩელიც სამართლებრივად უსაფუძვლოა.

პროკურატურაში ნიჟარაძის სახელით შეტანილ განცხადებაში ხელისუფლების ინტერესს ხედავენ კომპანიის იურისტები. ისინი გიორგი ყავლაშვილს სიცრუის გავრცელებაშიც ადანაშაულებენ. "რუსთავი 2-ის" იურისტების განცხადებით, ჯერჯერობით შერჩეული არაა აუდიტორული კომპანია, რომელმაც ფინანსური დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზი უნდა ჩაატაროს. შესაბამისად, მათთვის გაუგებარია, ნიჟარაძის ინტერესების დამცველი რა კვლევის საფუძველზე ამტკიცებს, რომ გვარამია კომპანიის საზიანოდ მოქმედებს.
"

დღის ამბები